პირლო კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს
ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების 35 წლის ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ ბუცების ლურსმანზე დაკიდვას ჯერჯერობით არ აპირებს.
“მინდა, რომ ფეხბურთი კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში ვითამაშო. მე სპორტის ეს სახეობა ისევ ისე მიყვარს, როგორც 15 წლის ასაკში მიყვარდა. თუ ერთხელაც გავიღვიძებ და ვიგრძნობ, რომ ფეხბურთისადმი ჩემი დამოკიდებულება შეიცვალა, მაშინ კარიერის დასრულების გადაწყვეტილებას მივიღებ. თუმცა, დღეს ვფიქრობ, რომ ამ მომენტამდე ჯერ კიდევ დიდი დროა”, – პირლოს სიტყვებს A bola აქვეყნებს.
ცნობისთვის, ანდრეა პირლოს “იუვენტუსთან” მოქმედი კონტრაქტის ვადა 2016 წლის 30 ივნისს ეწურება.
პირლომ იმის შესახებაც ისაუბრა, თუ რატომ გადაწყვიტა იტალიის ნაკრებში დაბრუნება.
“ანტონიო კონტემ დამირეკა და მკითხა, ვიყავი თუ არა მზად, რომ ევრო-2016-ზე გუნდს დავხმარებოდი. მან ჩემი დარწმუნება შეძლო”, – აღნიშნა პირლომ.