“ა” ლიგის საკვალიფიკაციო: “ბ” ჯგუფის” მოსაგებად “აკადემია” და “კაქტუსი” იბრძოლებენ
„ა“ ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის ორ მატჩს უმასპინძლა დღეს საკალათბურთო აკადემიამ. ერთმანეთს „ბ“ ჯგუფის წევრები შეხვდნენ და შედეგად ბევრი რამ გაირკვა. აღნიშნული ჯგუფში პირველ ადგილს ან „აკადემია“ დაიკავებს“, ან „კაქტუსი“. ამ გუნდებმა დღეს ჯგუფის დანარჩენი წევრები დაამარცხეს და 2-2 მოგებით 1-2 ადგილს იყოფენ.
პირველი მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „კაქტუსი“ და „კრისტალი“ შეხვდნენ, ძალიან დაძაბული გამოდგა. ლევან ტყელაშვილის, ჯაბა არაბულისა და ბექა ჯიქიას შედეგიანი თამაშის წყალობით „კრისტალმა“ მეორე მეოთხედის დასაწყისში ლიდერობა მოიპოვა და „კაქტუსს“ წამოსაწევად გვარიანი დრო დასჭირდა.
ერთხანს კრისტალელები 12 ქულითაც კი იგებდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ძალები გამოელიათ და „კაქტუსმაც“ გაილაღა. რომან ტუკვაძის, კირილე ტატუნაშვილის და დავით არწივიძის მექულეობით კაქტუსელებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ გვარიანადაც დაწინაურდნენ. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა „კაქტუსმა“ ბოლო პერიოდი 28:2(!) მოიგო და საბოლოოდ დამაჯერებელი სხვაობით – 76:57 იმარჯვა.
მეორე მატჩში ბრძოლა არ შედგა. მარნეულის „ინტერი“ თავიდან მედგრად დაუდგა 3 უკრაინელი ლეგიონერით გაძლიერებულ „აკადემიას“, თუმცა მეორე პერიოდიდან გატყდა და საბოლოოდ დიდი სხვაობით წააგო. 2 მეტრს აცილებულმა უკრაინელმა, ევგენი ვორნიკმა 4 სამქულიანი ჩააგდო და მატჩი 15 ქულა-13 მოხსნით დაასრულა. 16 ქულა შეაწია გამარჯვებულებს თენგო ხუციშვილმა.
“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის მორიგი მატჩები 19 თებერვალს გაიმართება. საკალათბურთო აკადემიაში ერთმანეთს “ა” ჯგუფის გუნდები დაუპირისპირდებიან.
gbf.ge