ფაცაცია “ნიჟნი ნოვგოროდს” ემშვიდობება
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ლევან ფაცაცია, რომელიც რუსული „ნიჟნი ნოვგოროდის“ ღირსებას იცავდა, თავისუფალი აგენტია. ორმხრივი სურვილისა და შეთანხმების საფუძველზე ქართველმა ფორვარდმა რუსული კლუბი დატოვა.
ფაცაციამ რუსეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში 3 თვე გაატარა. ის ნოემბრის თვეში ჩაირიცხა „ნიჟნი ნოვგოროდში“ და თავდაპირველად გუნდში გამოსაცდელი დროით იყო. 1 თვის გასვლის შემდეგ ფაცაციას კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმეს და ის ცოტას, თუმცა სისტემატიურად თამაშობდა ევროლიგასა და ვითიბი ლიგაში. დღეს კი კლუბის ვებ-გვერდზე სტატია გაჩნდა, სადაც ფაცაციას მადლობას უხდიდნენ და მასთან კონტრაქტის გაწყვეტას იუწყებოდნენ.
კომენტარი გააკეთა „ნიჟნი ნოვგოროდის“ ლატვიელმა მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა;
„ერთობლივი სამუშაოსთვის ლევანს მადლობა. ის გუნდს დიდ დახმარებას უწევდა. სათადარიგოთა სკამიდან მას მოედანზე საჭირო ენერგია შემოჰქონდა. ის კარგად ირჯებოდა დაცვაში. სეზონის ბოლოს შეტევაში მეტი არსენალის მქონე მოთამაშე გვჭირდება“.
gbf.ge