ცნობილი კლუბების ცნობილი გულშემატკივრები (პირველი ნაწილი)
ცნობილ ევროპულ კლუბებს მრავალ ცნობილი ადამიანი გულშემატკივრობს. Fanebi.com მათ შესახებ გიამბობთ.
მანჩესტერ იუნაიტედი
ბრედ პიტის რეზიუმეში უამრავი შესანიშნავი როლია. თუმცა, ყველამ არ იცის, რომ ის “მანჩესტერის” გულშემატკივრის როლსაც ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ამ როლის შესრულებისას ბრედი ძალიან გულწრფელია, რადგანაც ამერიკელს მართლა აინტერესებს “იუნაიტედის” შედეგები და “ოლდ ტრაფორდს” ის რეგულარულად სტუმრობს.
“მანჩესტერელთა” ვარსკვლავური ფანები ასევე არიან მაიკ ტაისონი, ორლანდო ბლუმი, ჯასტინ თიმბერლეიკი, ნიკოლა სარკოზი და ბილ კლინტონი.
ჩელსი
გაი რიჩიმ და მადონამ ერთად 7 წელი გაატარეს. მათი ერთ-ერთი მთავარი საერთო ინტერესი კი ლონდონის “ჩელსი” იყო. ცნობილმა პოპ მომღერალმა “არისტოკრატების” მაისური თავის შვილს ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში უყიდა.
მანჩესტერ სიტი
ცნობილი როკ მუსიკოსი და საკულტო ჯგუფ Oasis-ის ფრონტმენი ნოელ გალაჰერი “სიტის” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფანია. თავის ძმასთან ერთად მანჩესტერულ კლუბს ის ბავშვობიდან ქომაგობს. მათ გარდა “სიტის” მოკრივე რიკი ჰატონი და ჯეკი ჩანიც გულშემატკივრობენ.
არსენალი
ექიმი ჰაუსი რთული სიტუაციების მოგვარების პროფესიონალია. არსენ ვენგერს ასეთი თანაშემწე არ აწყენდა, ვინაიდან “არსენალის” დამრიგებელს ფაქტობრივად ყოველ სეზონში უწევს პრობლემებთან შეჯახება.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჰიუ ლორი “არსენალის” გულშემატკივარია. “მეთოფეთა” შემოქმედებითი, კრეატიული სტილი მსახიობების ყურადღებას იქცევს. ლონდონელთა გულშემატკივრებს შორის არიან მეტ დეიმონი, ტომ კრუზი, რობერტ პატისონი და სარა მიშელ გელარი.
ტოტენჰემი
“ტოტენჰემს” ნბა-ს ერთ-ერთი გამორჩეულ ვარსკვლავი, სტივ ნეში გულშემატკივრობს. საინტერესოა, რომ ნეშის მამა და ბაბუა ინგლისში ცხოვრობდნენ და ლონდონელთა თავგადაკრული ფანებიც ყოფილან. “ტოტენჰემის” ბაზაზე სტუმრად ყოფნისას ნეშმა ისიც კი თქვა, რომ ეს მისთვის ბედნიერი წუთებია.
ვესტ ჰემი
“ჩაქუჩები” ტიტულებს ძალიან იშვიათად იგებენ და ევროპაშიც ფაქტობრივად არ თამაშობენ. მიუხედავად ამისა, “ვესტ ჰემი” მაინც კოლორიტულ კლუბად ითვლება. კირან ნაითლი, ლენოქს ლიუისი, კეტი პერი, ელაიჯა ვუდი და დაუდასტურებელი ინფორმაციით ბარაკ ობამაც კი სწორედ ლუნდონური კლუბის ქომაგები არიან.
რეალი
“სამეფო კლუბს” – “სამეფო გულშემატკივრები”. “რეალის” აქტიური გულშემატკივარია ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი, რომელიც გუნდის ფეხბურთელების ახლო მეგობარიც არის. მადრიდელთა ქომაგები არიან ჯენიფერ ლოპესი და პენელობა კრუზი. ანტონიო ბანდერასმა კი განაცხადა, რომ ცხოვრებაში მისი დამწუხრება მხოლოდ ომს და “რეალის” მარცხს შეუძლია.
ბარსელონა
“ბარსელონას თითქმის ყველა მატჩს ვუყურებ, თუ რა თქმა უნდა მათი ჩატარების დრო ჩემს თამაშებს არ ემთხვევა” – განაცხადა კობი ბრაიანტმა. ბუნებრივია, რომ “ბარსას” ქომაქია შაკირა, რომელიც ამავდროულად კლუბის მცველის, პიკეს მეუღლეა. კატალონიურ კლუბს ჯასტინ ბიბერიც ქომაგობს. “ბარსელონამ” ევროპული ფეხბურთი ერნესტ ჰემინგუეისაც შეაყვარა…