ლანჩხუთელებთან მორიგი მატჩის წინ
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი ქვეყნის მიმდინარე პირველობის მეორე წრის სასტარტო მატჩისთვის ემზადება. შაბათს, 21 თებერვალს, საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურის შეხვედრაში, მარგველები ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ “გურიას” ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ესტუმრებიან.
ეროვნულ ჩემპიონატში საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” და ლანჩხუთის “გურია” ერთმანეთს სულ ხუთჯერ შეხვედრიან – ხუთივეჯერ გამარჯვება იმერლებს დარჩათ, თანაც ისე, რომ საკუთარ კარში ბურთი არც ერთხელ არ მიუღიათ, თავად კი გურულთა კარის ბადე 14-ჯერ შეარხიეს…
ზემოთ ნახსენები ხუთიდან პირველი დაპირისპირება 2013 წლის 29 სექტემბერს “დავით აბაშიძეზე” გაიმართა. ერთადერთი და მასპინძელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი შეხვედრის 87-ე წუთზე გავიდა – ზემოიმერელთა უსწრაფესი შეტევა ირაკლი ქობალიას ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა.
გურულთა და მარგველთა მორიგი “რანდევუ” 2013 წლის 18 დეკემბერს შედგა. ეს მატჩი ქობულეთში გაიმართა და გიორგი ადამიას მიერ ზუსტად შესრულებული პენალტის წყალობით ზესტაფონელებმა ისევ 1-0 გაიმარჯვეს.
ლანჩხუთელთა და ზესტაფონელთა რიგით მესამე მატჩი გასული წლის 5 აპრილს ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ზესტაფონელთა უდიდესი სათამაშო უპირატესობით წარიმართა, გამარჯვების გოლის გატანა მასპინძლებმა მხოლოდ მატჩის არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხეს – სტუმართა კარის ბადეში ბურთი ლევან შარიქაძემ გადაგზავნა.
მორიგი, რიგით მეოთხე შეხვედრა 2014 წლის 7 მაისს ლანჩხუთში გაიმართა და სტუმართა შთამბეჭდავი გამარჯვებით დასრულდა – 5-0. გამარჯვებულთა რიგებში გატანილი გოლებით თავი რევაზ გეწაძემ (3-ჯერ), ნიკა საბანაძემ და თორნიკე კაპანაძემ გამოიჩინეს.
ლანჩხუთელთა და ზემოიმერელთა შორის გამართული სადღეისოდ ბოლო შეხვედრა გასული წლის 9 აგვისტოს ზესტაფონში გაიმართა და მასპინძელთა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გამარჯვებით 6-0 დასრულდა. ჯაბა დვალმა გურულებს 2-ჯერ გაუტანა, თითო-თითო გოლი კი თეიმურაზ ღონღაძის, გიორგი ფანცულაიას, თედორე გრიგალაშვილის და ლაშა გვალიას ანგარიშზეა.
FCZestafoni.GE