ბალოტელიმ ჰენდერსონს მადლობა გადაუხადა
უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე “ლივერპულმა” “ბეშიქთაში” მარიო ბალოტელის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანის წყალობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პენალტის დარტყმას თავდაპირველად ჯორდან ჰენდერსონი აპირებდა, რომელსაც სტივენ ჯერარდის არყოფნაში კაპიტნის სამკლავური ჰქონდა მორგებული, თუმცა იტალიელმა თავდამსხმელმა ინგლისელ ნახევარმცველს ბურთი გამოართვა და თერთმეტმეტრიანის შესრულება საკუთარ თავზე აიღო. ბალოტელის ქმედებამ თანაგუნდელების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. დანიელ სტარიჯი და ჰენდერსონი მარიოს საქციელით უკმაყოფილონი დარჩნენ, ჯერარდმა კი იტალიელი ფეხბურთელი მატჩის შემდეგ გააკრიტიკა.
თავად ბალოტელიმ შეხვედრის შემდეგ ჰენდერსონს მადლობა გადაუხადა.
“მადლობა ჰენდოს, პენალტის დარტყმის საშუალება რომ მომცა. კმარა ეპიზოდის დრამატიზება. ჩვენ გავიმარჯვეთ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ გუნდი და რაც მთავარია, ჩვენ ვართ “ლივერპული”. წინ, ბიჭებო”, – დაწერა სოციალურ ქსელში ბალოტელიმ.
მატჩის დასრულების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში ჰენდერსონმაც სცადა სიტუაციის განმუხტვა და ბალოტელი პენალტების გამოცდილ დამრტყმელად მოიხსენია.
“ბეშიქთაშსა” და “ლივერპულს” შორის განმეორებითი მატჩი სტამბულში, 26 თებერვალს გაიმართება.