სფფ-ს პრესსამსახურის განცხადება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ქართული ფეხბურთის გაშუქებით დაინტერესებულ მედია საშუალებებს თხოვნით მიმართავს.
იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა ქვეყნის მედიაში აქტიური განხილვის საგანი ხდება კონკრეტული რეზონანსული ფაქტი, რომელიც დაკავშირებულია ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის საქმიანობასთან, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად სასურველია ინფორმაცია გადამოწმდეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურთან.
ამ წერილის გამოქვეყნების მიზეზი საქართველოს ნაკრების და ბაქოს „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის – კახა ცხადაძისადმი ერთერთი აზერბაიჯანული ინტერნეტ-გამოცემის მიზანმიმართული დისკრედიტაცის მცდელობა გახდა.
ინფორმაცია, რომელიც აზერბაიჯანის ჩემპიონატში ბაქოს „ინტერისა“ და „აზალს“ შორის მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, ერთ-ერთმა აზერბაიჯანულმა მედია საშუალებამ არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელა, რაც სხვადასხვა მედია საშუალების წყარო გახდა.
კახა ცხადაძე განვითარებულ მოვლენებს თავად განმარტავს – „უსიამოვნო ინციდენტი მოხდა სათამაშო მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის გამოც ვწუხვარ, მაგრამ მსურს განვმარტო ვითარება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ არანაირ ინციდენტში მონაწილეობა არ მიმიღია, ამას დაადასტურებენ ის ადამიანები,რომლებიც უშუალოდ ჩემს გვერდით იდგნენ, მათ შორის მოწინააღმდეგე გუნდის მთავარი მწვრთნელიც. ამ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა მედია საშუალებამ, სამწუხაროდ კვლავ არასწორი ინტერპრეტაციით მიაწოდა ფეხბურთით დაინტერესებულ საზოგადოებას. შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარეობს სპეციალური კამპანია პირადად ჩემს წინააღმდეგ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.
რაც არ უნდა მაკრიტიკონ და ჩემს წინააღმდეგ არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ, მე წარმატებით ვაგრძელებ კლუბში საქმიანობას. ჩემთვის საამაყოა ის ფაქტი,რომ აზერბაიჯანის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჩემი გუნდიდან ექვსი მოთამაშე გამოიძახა და ჯამში „ინტერის“ 14 ფეხბურთელი სხვადასხვა ნაკრების წევრები არიან. ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდში მუშაობა და ჩემი დამოკიდებულება აზერბაიჯანული ფეხბურთისადმი ყოველთვის პოზიტიურია.
ამ ქვეყანაში უკვე ექვსი წელია ვმუშაობ და ჩემთვის გაუგებარია ეს მიზანმიმართული კამპანია, მითუმეტეს როდესაც ამ სეზონის ბოლოს კლუბი უნდა დავტოვო. დარწმუნებული ვარ, „ინტერი“ გააგრძელებს წარმატებულ თამაშს აზერბაიჯანის ჩემპიონატში და გუნდთან ერთად მორიგ შედეგიან სეზონს ჩავატარებ“ – ამბობს საქართველოს ნაკრების და ბაქოს „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი.
თავის მხრივ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მედია-დეპარტამენტი ყოველთვის მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ მედია საშუალებასთან და ხელი შეუწყოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელებას.
სფფ-ის პრეს-სამსახური