მწვრთნელთა გადამზადების და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა
მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პირველი ეტაპი დასრულდა. პირველი ეტაპი თავის მხრივ 4 ნაწილად ჩატარდა. პროექტი გასული წლის მაისში თბილისში დაიწყო, ზაფხულში ქუთაისსა და ბათუმში გაგრძელდა და დღეს, თბილისში დასრულდა.
ამ კვირაში გამართული პირველი ეტაპის დასკვნითი ნაწილი იმ მწვრთნელებისთვის იყო, ვინც გასულ ჯერზე ვერ მოახერხა მასში მონაწილეობის მიღება. შეგახსენებთ, რომ პირველი ეტაპი განკუთვნილია მინი კალათბურთსა და 14-წლამდელთა სექციებში მომუშავე მწვრთნელებისთვის. 2 წელიწადში, თუკი აღნიშნული პროგრამა არ ექნებათ გავლილი, მწვრთნელებს უფლება არ ექნებათ გუნდები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში გამოიყვანონ.
პირველი ეტაპის დასკვნითი ნაწილი 18 და 21 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 50-ამდე მწვრთნელმა მიიღო. გამოცდილმა მწვრთნელებმა და საკალათბურთო სფეროს წარმომადგენლებმა დამსწრეებს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სემინარები ჩაუტარეს.
სემინარები ჩაატარეს ანტონ კაზანჯიანმა, ზურაბ ტომარაძემ, გელა წულაძემ, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა, მაკა კუპატაძემ, თემურ ხვედელიძემ და ირაკლი შიოშვილმა. სემინარებში მონაწილე მწვრთნელებმა დაბალ ასაკობრივ სექციებში მუშაობისთვის აუცილებელი ცოდნა მიიღეს.
მწვრთნელებისთვის, რომლებმაც აღნიშნული სემინარები გაიარეს, გამოცდები ახლო მომავალში ჩატარდება და წარმატებულები შესაბამის ლიცენზიას მიიღებენ.
gbf.ge