“ა” ლიგის შესარჩევი: “სეუ-ჰიუნდაიმ” და “კაქტუსმა” თავ-თავიანთი ჯგუფები მოიგეს
დასრულდა „ა“ ლიგის შესარჩევი ტურნირის ჯგუფური ეტაპი და შესაბამისად, ის გუნდები გამოვლინდნენ, რომლებიც საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად იბრძოლებენ. მიმდინარე, შესარჩევი ტურნირის მიზანი იმ 6 გუნდის გამოვლენაა, რომლებიც „ა“ ლიგაში იასპარეზებენ.
დღეს, საკალათბურთო აკადემიაში გამართული 3 მატჩით დასრულდა ჯგუფური ეტაპი, რომლის შემდეგაც გუნდები მეოთხედფინალში დაწყვილდნენ. 3 ჯგუფში I-II ადგილებზე გასული გუნდები მეოთხედფინალში პირდაპირ მოხვდნენ. მესამეადგილოსნები და 1 საუკეთესო მეოთხეადგილოსანი კი გადასასვლელ მატჩებში მეოთხედფინალის დარჩენილი 2 საგზურისთვის იბრძოლებენ.
დავაზუსტებთ, რომ მეოთხედფინალი პლეი ოფის ხსენებულ რაუნდს პირობითად ეწოდება, რადგან გუნდები ამ ეტაპზე არა ფინალში გასასვლელად, არამედ, როგორც უკვე ვთქვით, საუკეთესო 6-ეულში მოსახვედრად იბრძვიან. შესაბამისად, მეოთხედფინალის გამარჯვებული გუნდები, გაინაღდებენ რა „ა“ ლიგის საგზურებს, შესარჩევ ტურნირში ასპარეზობას დაასრულებენ. წაგებულ 4 გუნდს კი „ა“ ლიგაში მოსახვედრად ბრძოლის შანსი კვლავ რჩება. ისინი დარჩენილი 2 საგზურისთვის იბრძოლებენ (იხილეთ პლეი ოფის ბადე).
რაც შეეხება დღევანდელ მატჩებს, სამივე შეხვედრაში დაძაბული ბრძოლა ვიხილეთ. განსაკუთრებით კი „სეუ-ჰიუნდაისა“ და გორის „დილას“ მატჩია გამოსარჩევი. „ჰიუნდაის“ სპონსორობით წელგამართული საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდი ყველაზე გამორჩეულად თამაშობს. ლაშა ეძგვერაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ ტურში არცთუ სუსტი „ნიკეა“ 123:42 გაანადგურა, დღეს კი ჯგუფის მეორე და უკანასკნელ მატჩში გორის „დილას“ დრამატულ ფინალში სძლია და „ბ“ ჯგუფში პირველი ადგილი მოიპოვა.
მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. ვლადიმერ ბეჟანიშვილის, დავით მუშკუდიანის, ვახტანგ მინაშვილის, ზუკა ბადრიძის და სხვა ახლო წარსულში ცნობილი კალათბურთელების გუნდმა „დილამ“, რომელიც მთელი თამაშის მანძილზე აგებდა, ბოლო წუთზე ანგარიში გაათანაბრა. „სეუ-ჰიუნდაიმ“ წუთშესვენება აიღო, შეტევა დაგეგმა, რაც სრულყოფაში გუგა პატარაიამ მოიყვანა, რომელმაც ფინალუი სირენის გაჟღერებამდე 1 წამით ადრე გამარვების სამქულიანი ჩააგდო.
ჰიუნდაელებს ირაკლი დოლიძემ 17 ქულით ულიდერა, 15 ქულაა და 10 მოხსნა ირაკლი ალხანაიძემ მიითვალა, გელა კოპალიანმა კი გამარჯვებულებს 12 ქულა მიაშველა.
დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვება მარნეულის „ინტერმა“, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ 20 ქულით უგებდა „კრისტალს“, თუმცა ბოლო მეოთხედში, ანგარიში რომ მინიმუმამდე შემცირდა, ყველაფრის ახლიდან დაწყება მოუხდა. მარნეულელებმა იბრძოლეს და საბოლოოდ 4 ქულით გაიმარჯვეს. ამ მოგებით ქვემოქართლელებმა „ბ“ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და მეოთხეფინალში გასასვლელ მატჩში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, სადაც ზაზა გაბისონიას გაწვრთნილი გუნდი „ნიკეას“ შეხვდება.
„ბ“ ჯგუფის პირველი ადგილის მფლობელი „კაქტუსისა“ და „აკადემიას“ ჯახში გაირკვა. 3 უკრაინელი ლეგიონერის მყოლმა „აკადემიამ“ მეორე ტაიმში ვეღარ გაუძლო კაქტუსელების სწრაფ ტემპს და გადაღლილმა შეცდომებს უხშირა. საბოლოოდ „კაქტუსმა” 9 ქულის სხვაობით იმარჯვა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში „მარნეული“-„ნიკეას“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.
მარნეული 58:54 კრისტალი
18:11, 22:9, 6:24, 12:10
მარნეული: ჯაჯანიძე (20), ბ. ჯანხოთელი (17 ქულა, 9 მოხსნა), ი. ჯანხოთელი (12)
კრისტალი: გაგნიძე (20), ჯიქია (16), ჯ. არაბული (4 ქულა, 19 მოხსნა)
გორის „დილა“ 78:81 სეუ-ჰიუნდაი
21:25, 14:20, 23:19, 20:17
დილა: მუშკუდიანი (18 ქულა, 18 ოხსნა), ბაბიაშვილი (16 ქულა, 9 მოხსნა), გ. დოლიძე (16)
სეუ-ჰიუნდაი: ი. დოლიძე (17), ალხანაიძე (15 ქულა, 10 მოხსნა), კოპალიანი (12), გაბისონია (11)
კაქტუსი 62:53 აკადემია
16:12, 10:11, 15:9, 21:21
კაქტუსი: ტუკვაძე (13 ქულა, 14 მოხსნა), კნანიტაშვილი (13 ქულა, 9 მოხსნა), ხიზანიშვილი (11)
აკადემია: სოკური (20), ვორნიკი (11 ქულა, 13 მოხსნა)
gbf.ge