“მილუოკიმ” ფაჩულიას ყოფილ გუნდთან ბოლო მეოთხედში წააგო
ზაზა ფაჩულიას ახლანდელმა გუნდმა უწინდელთან წააგო. „მილუოკი ბაქსმა“ ბოლო თვეების ყველაზე წარმატებულ გუნდს, აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ „ატლანტა ჰოუქსს“ უმასპინძლა და 86:97 დამარცხდა.
მილუოკელებმა 3 მეოთხედი ტოლსწორად ეთამაშნენ ატლანტელებს და ბოლო პერიოდში გატყდნენ. უკანასკნელი 12-წუთეული რომ დაიწყო, ანგარიში თანაბარი – 64:64 იყო. კაილი კორვერის სამქულიანებით „ჰოუქსმა“ მალე მოიპოვა 10-ქულიანი ლიდერობა და ეს ჰანდიკაპი თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა.
„მილუოკიში“ ისევ არ ითამაშა „ფილადელფიიდან“ შემატებულმა მაიკლ კარტერ-უილიამსმა, ხოლო ახალწვეულმა ცენტრმა, მაილს პლამლიმ 15-წუთიანი დებიუტი მოიწყო. ექსფინიქსელმა მეფარემ 4 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მითვალა. ძირითადში ცენტრის პოზიციაზე მყოფმა ჯონ ჰენსონმა 18 წუთში 2 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა.
სათადარიგო იყო და 15 წუთი ითამაშა ზაზა ფაჩულიამაც. ქართველმა ცენტრმა 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ფაჩულიამ საბოლოოდ 2 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. “ატლანტაში” 23 ქულით და 16 მოხსნით საუკეთესო პოლ მილსეპი გახლდათ, 15 ქულა ფაჩულიას ოდინდელმა თანაგუნდელმა და კონკურენტმა ალ ჰორფორდმა მიითვალა.
31 მოგებითა და 24 მარცხით მილუოკელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე არიან და დაქვეითება მინიმუმ 1 თვე არ ემუქრებათ. მე-7-ზე მყოფ „მაიამის“ 23 მოგება და 31 მარცხი აქვს. მორიგი მატჩი ფაჩულიას გუნდს ხვალ, გამთენიისას, ჩიკაგოში „ბულსთან“ ელის.
gbf.ge