პელეგრინი: “თუ გუნდურად ვითამაშებთ, შანსი გვექნება”
უეფას ჩემპოიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტი” “ბარსელონას” წინააღმდეგ გამართულ პირველ შეხვედრაში ანგარიშით 1:2 დამარცხდა. “ქალაქელთა” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ მატჩი შეაჯამა.
“პირველ ტაიმში ძალიან ცუდად გამოვიყურებოდით. მეორე ნახევარში თამაში ბევრად გამოვასწორეთ და მომენტებიც შევქმენით, თუმცა შეცდომებიც დავუშვით. “ბარსელონამ” პირველი გოლიც ჩვენი შეცდომის წყალობით გაიტანა. ამან მეტოქეს უპირატესობა მისცა. მეორე ტაიმში შეცდომა გამოვასწორეთ და გათანაბრების შანსიც გვქონდა, თუმცა როდესაც მოედანზე ათი კაცით რჩები, ამის გაკეთება რთულდება.
ორი განსხვავებული ტაიმი ვითამაშეთ. მეორე ნახევარში ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩვენთვის საუკეთესო შედეგია. გუნდმა ბარსელონაში თავისი თამაში უნდა აჩვენოს და მოგებისთვის იბრძოლოს. თუ “მანჩესტერ სიტი” გუნდურად ითამაშებს, შანსი გვექნება.
ჯო ჰარტის სეივი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან, პირველ რიგში, სრულიად ზედმეტი პენალტი ავიკიდეთ. საჯარიმო მოედანზე ემოციები უნდა ვაკონტროლოთ. მოგერიებული პენალტი შანსს გვინარჩუნებს. 1:3 დამარცხების შემთხვევაში, სიტუაციის შემოტრიალება ძალზედ რთული იქნებოდა”, – პელეგრინის კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტის” შორის განმეორებითი შეხვედრა 18 მარტს გაიმართება.