„არსენალი“ სახლში „მონაკოსთან“ დამარცხდა
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ლონდონის „არსენალმა“ „მონაკოს“ უმასპინძლა და მოულოდნელად, ანგარიშით 1:3 დამარცხდა.
არადა, პირველ ნახევარში უპირატესობას ლონდონელები ფლობდნენ, რაც სტატისტიკაშიც აისახა, თუმცა 38-ე წუთზე მასპინძლებმა გაუშვეს – გოლი კონდოგბიას სახელზე ჩაიწერა.
ლოგიკურად, მეორე ნახევარში ვენგერის გუნდი უნდა გააქტიურებულიყო, მაგრამ 53-ე წუთზე, კონტრშეტევის შედეგად, მარტიალის პასით თავისი გუნდის უპირატესობა დიმიტარ ბერბატოვმა გაზარდა – 2:0. დარჩენილ დროში „არსენალი“ შეტევას ცდილობდა და რამდენიმე კარგი მომენტიც ჰქონდა. აღსანიშნავია ოლივიე ჟირუს მომენტი, რომელმაც დამატებაზე ვერ ივარგა და ახლო პოზიციიდან ბურთი მეტოქის კარს დიდი მანძილით ააცილა. მოგვიანებით, ფრანგი თეო ვოლკოტმა შეცვალა, რომელმაც ერთ_ერთ ეპიზოდში უელბეკს გოლის გატანაში ხელი შეუშალა, როდესაც 23-ე ნომერმა დაარტყა და ბურთი სწორედ თეოს გაარტყა. ლონდონელებმა გოლის გატანა მაინც მოახერხეს – 90-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ოქსლეიდ-ჩემბერლენმა შორიდან ბრწყინვალედ დაარტყა და ანგარიშიც მინიმუმამდე შეამცირა. ორ წუთში კი იმავე ჩემბერლენმა მეტოქის ნახევარზე ბურთი დაკარგა, რასაც კონტრშეტევა მოჰყვა, რომელიც კარასკომ ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეჭრითა და მახვილი კუთხიდან ზუსტად დარტყმულით დააგვირგვინა. საბოლოოდ, 1:3 და საპასუხო შეხვედრის წინ „მეთოფეებმა“ თავი უმძიმეს მდგომარეობაში ჩაიგდეს.
„არსენალი“ – „მონაკო“ 1:3
გოლები: ოქსლეიდ-ჩემბერლენი 90′ – მონდოგბია 38′, ბერბატოვი 53′, კარასკო 90+