“არენა 76”-მა და გორის “დილამ “ა” ლიგის საგზურები მოიპოვეს
საკალათბურთო აკადემიაში „ა“ ლიგაში გადასასვლელი მატჩები მიმდინარეობს. ჯგუფური ეტაპის შედეგად დარჩენილი 8 გუნდი დაწყვილებულია და „ა“ ლიგის 6 საგზურისთვის იბრძვის. დღევანდელ მატჩებში გამარჯვებულები – ჯამში 4 გუნდი საგზურებს მოიპოვებენ, ხოლო წაგებულები „ა“ ლიგის დარჩენილი 2 საგზურისთვის იბრძოლებს.
დღეს უკვე ჩატარდა 2 მატჩი და შესაბამისად ის 2 გუნდი გამოვლინდა, რომლებმაც „ა“ ლიგის საგზურები მოიპოვეს. ესენი არიან „არენა-76“ და გორის „დილა“. ზურა ტომარაძის გაწვრთნილმა არენელებმა დაძაბულ ბრძოლაში – ანგარიშით 64:59 დაამარცხა „წყალტუბო“.
შეხვედრა თანაბარი გამოვიდა და მაყურებელმა საინტერესო ბრძოლა იხილა. არენელებს პირველი ტაიმის შემდეგ სოლიდური უპირატესობა ჰქონდათ მოპოვებული – 37:27 იგებდნენ, თუმცა გიორგი კუჭავასა და ალექსანდრ რიხლიუკის ძალისხმევით მესამე პერიოდი 20:9 მოიგეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 1 ქულით – 47:46 დაწინაურდნენ.
ბოლო პერიოდში გადამწყვეტი სიტყვა თქვეს „არენას“ ლიდერებმა – ჯერემი ბაინამმა, ზვიად ანთაძემ, ზურა მაჩალაძემ, ალექსანდრ კოსენკოვმა. მათი ძალისხმევით თბილისელებმა 18:12 მოიგეს ბოლო ათწუთეული და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც.
დამარცხებულ „წყალტუბოს“ „ა“ ლიგაში მოხვედრის შანსი კვლავ შერჩა. ლიგაში მოსახვედრად წყალტუბოელები 3 მარტს „აკადემიას“ შეხვდებიან, რომელმაც დღეს გორის „დილასთან“ 74:82 წააგო. მატჩი საკმაოდ დაძაბული იყო და არც ვნებათაღელვა აკლდა. გორელთა ცენტრი, დავით მუშკუდიანი მეტოქესთან დავის გამო დისკვალიფიცირებულ იქნა. მისი გამოკლებით გორელებს ფარქვეშ საიმედო ბოძი გამოეცალათ, თუმცა გამოცდილების ხარჯზე გამარჯვებას მაინც მიაღწიეს.
22 ქულითა და 10 მოხსნით თავი ზვიად ბაბიაშვილმა გამოიჩინა. 16 ქულა მიითვალა ახალგაზრდა დავით აფხაზავამ. მაშ ასე – „გორი“ და „არენა-76“ „ა“ ლიგაში არიან, ხოლო „წყალტუბო“ და „აკადემია“ 3 მარტს დამატებითი საგზურისთვის იბრძოლებენ.
დღეს, 26 თებერვალს, „ა“ ლიგის საგზურის კიდევ 2 მფლობელი გამოვლინდება.
„ა“ ლიგის შესარჩევი ტურნირი. პლეი ოფი. 26 თებერვალი
არენა-76 64:59 წყალტუბო
19:16, 18:11, 9:20, 18:12
არენა: ბაინამი (21), ანთაძე (15 ქულა, 11 მოხსნა), მაჩალაძე (12 ქულა, 13 მოხსნა), კოსენკოვი (9 ქულა, 17 მოხსნა)
წყალტუბო: კუჭავა (21), რიხლიუკი (20 ქულა, 12 მოხსნა), კორკოტაძე (7 ქულა, 10 მოხსნა)
აკადემია 74:82 დილა
18:15, 18:19, 20:21, 18:27
აკადემია: ხუციშვილი (21), სოკური (21), ვორნიკი (12), ჟუკი (11)
დილა: ბაბიაშვილი (22 ქულა, 10 მოხსნა), აფხაზავა (16 ქულა, 7 პასი), ბადრიძე (13), ბეჟანიშვილი (11 ქულა, 10 მოხსნა)
gbf.ge