რატომ არ დადიან მაყურებლები საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე?
საქართველოს ჩემპიონატის პრობლემებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება ყოველთვის მაყურებელთა დასწრებას ეხება, რაც სრულიად საფუძვლიანია. მატჩების დროს ფანკლუბების გარდა, ჩვეულებრივი გულშემატკივრების რაოდენობა, ყველაზე კარგ შემთხვევაში, 200-250 კაცს აღწევს (ისიც რეგიონებში). ამ პრობლემაზე თუნდაც ტელეეთერში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს არაერთხელ უსაუბრიათ. წინა წლებში სტადიონებზე მაყურებლების მოსაზიდად სხვადასხვა ხერხიც მოფიქრებულა. ასე, 2005 და 2006 წლებშიც სპეციალური წამახალისებელი ვიქტორინებიც არსებობდა, თუმცა ეფექტი მათ არ ჰქონიათ. სამწუხაროდ, 9 წელიწადში არსებითად არაფერი შეცვლილა და უმაღლესი ჩემპიონატის ნებისმიერ მატჩზე უამრავ თავისუფალ ადგილს ნახავთ.
არადა, ნებისმიერ ქვეყანაში საფეხბურთო კლუბის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო სწორედ გაყიდული ბილეთებიდან მიღებული თანხაა. იმის ფონზე, რომ ბევრ ქართულ კლუბს სპონსორიც არ ჰყავს და მხოლოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხარჯზე ცოცხლობს, მსგავს შემოსავალს, სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნებოდა. სამწუხაროდ, როგორც უმაღლესი ლიგის, ასევე პირველი ლიგის კლუბების ბიუჯეტი ბილეთებით პრაქტიკულად არ ივსება და გამონაკლისს მხოლოდ ერთეულები თუ წარმოადგენენ. ასევე სათქმელია, რომ არაერთი კლუბის მატჩზე დასწრება თავისუფალია. ასე, რუსთავის „მეტალურგის“ ნებისმიერ საშინაო მატჩზე მისვლა ყველასთვის შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ერთი მხვრივ, ეს კარგია, თუმცა, როდესაც ვხედავთ, რომ იგივე რუსთავულ კლუბსაც კი ფინანსური პრობლემები აქვს და მისი ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს ხელფასებს დროულად ვერ უხდის, ვხვდებით, რომ ამ კუთხით ცვლილებების დრო დადგა. სხვა მხვრივ, ასეთი დაბალი დასწრებს ფონზე, კლუბი მოგების პერსპექტივას ვერ ხედავთ, შესაბამისად, ბილეთს ვერც მაღალ ფასს დაადებს (რაც სრულიად გამართლებულია). თუ, მაგალითად, „მეტალურგის“ მატჩზე 100 კაცი დადის, ათლარიანი ბილეთების არსებობის შემთხვევაში, მაყურებელთა რაოდენობა, მინიმუმ, ორმაგარად შემცირდება. ამგვარად, პირველ რიგში, სტადიონზე მაყურებელთა მოსაზიდად ახალი ხერხების მოფიქრებაა საჭირო.
იმისთვის, რომ მაყურებლებმა სტადიონზე იარონ, მნიშვნელოვანია, კლუბებმა მათი მოთხოვნილებები გაითვალისწინონ. ბევრისგან არაერთხელ გამიგონია, რომ ჩემპიონატის შეხვედრები ცუდ დროს ტარდება. ზამთარში შეხვედრები 15:00 საათზე იწყება, ხოლო მარტიდან მიმდინარე სეზონში გუნდები, ძირითადად, 16:00 საათზე ითამაშებენ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრ სტადიონზე განათების სისტემა არ მუშაობს, შესაბამისად, იქ მატჩის ვერც საღამოს ჩატარება გამოვა, ნორმალურ ტელერეპორტაჟზე საუბარი კი უკვე ზედმეტია. შესაბამისად, კლუბებმა, სპონსორებმა, მუნიციპალიტეტებმა ან თუნდაც ფეხბურთის ფედერაციამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად რაიმე ეფექტური ხერხი უნდა მოიფიქრონ.
ფედერაცია ამდენჯერ ტყუილად არ ვახსენეთ. თუ, მეორე წრის კალენდარს გადავხედავთ, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ არაერთი ტური სამუშაო დღეს ტარდება, რაც ისედაც თითქმის ცარიელ სტადიონებზე ძალიან ცოტა ადამიანს მოიყვანს. კალენდრის შედგენისას, ასეთი პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი დეტალები ყოველთვის გასათვალისწინებელია. არაერთი ტური ოთხშაბათსაც ტარდება და შემდეგი ტურის შეხვედრები შაბათისთვისაა დაგეგმილი. გაცილებით ეფექტური იქნებოდა, თუ ერთი ტური კვირას გაიმართებოდა, შუა კვირას დაგეგმილი შეხვედრები კი – ხუთშაბათს. ურიგო არც ის იქნებოდა, თუ კლუბები, რომელთა სტადიონებზე განათების სისტემა მუშაობს, საშინაო თამაშებს საღამოს ჩაატარებდნენ. დასვენების დღეს საღამოს 19:00 ან 20:00 საათი საკმაოდ კარგი დრო იქნებოდა, რომელიც ტრიბუნებზე მაყურებელთა რაოდენობას გაზრდიდა და ამით სარგებელს მთლიანად ჩემპიონატსაც მოუტანდა.
მატჩებზე საუბრისას, ყველაზე მნიშვნელოვანი არამხოლოდ მათი დაწყების დრო, არამედ მათი ჩატარების თარიღიცაა. მიმდინარე სეზონში საქართველოს ჩემპიონატი გუნდების რაოდენობით რომ გამოირჩევა და ამას არც ისე კარგი შედეგი რომ აქვს, ჩვენს საიტზე არაერთხელ თქმულა. საერთოდ, ცოტა არ იყოს და სასაცილოა, როდესაც უმაღლესი ლიგის სეზონის დარჩენილი ნაწილის კალენდარი მეორე წრის დაწყებამდე მხოლოდ ორი კვირით ადრე ქვეყნდება და თანაც, რამდენიმეჯერ ტურების თარიღებიც იცვლება. რაზე მიანიშნებს ეს ყველაფერი? დასკვნა თქვენ გამოიტანეთ…