ალან ბაგაევი: „ბედნიერი ვარ რომ ამ კლუბში ვირიცხები“
როგორც მოგეხსენებათ, მეორე წრის დასაწყისში გორის „დილას“ 23 წლის მცველი ალან ბაგაევი შეუერთდა, რომელმაც ჩვენი გუნდის შემადგენლობაში სათასო დაპირისპირების დროს „დინამოსთან“ და ეროვნულ ჩემპიონატში „ცხინვალთან „ „დილას“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. ახალგაზრდა მცველი ორივე შეხვედრაში კარგად გამოიყურებოდა. „დილას“ ახალწვეულმა ჩვენს მიერ დასმულ რამოდენიმე კითხვას უპასუხა.
გთხოვთ მოგვიყევით თქვენს შესახებ.
„1991 წლის 7 აპრილს დავიბადე ვლადიკავკაზში და იქვე დავიწყე ფეხბურთის თამაში. პირველად მამაჩემმა ჭიდაობაზე მიმიყვანა, როდესაც 7-8 წლის ვიყავი. იქვე გვერდზე მოედანი იყო და ფეხბურთს თამაშობდნენ. ფული ავიღე და ბუცები ვიყიდე. ყველას ეგონა, რომ ორთაბრძოლებზე ვვარჯიშობდი, სინამდვილეში კი ფეხბურთზე დავდიოდი. (იცინის)“
გვიამბეთ ფეხბურთით თქვენი დაინტერესების და პირველი გოლის შესახებ?
„ფეხბურთი მსოფლიოში პირველი სპორტია და მეც მხოლოდ ეს სპორტის სახეობა მაინტერესებდა. პირველი ოფიციალური გოლი გავიტანე „ალანიის“ დუბლშემადგენლობაში ასპარეზობისას, როდესაც „ანჟის“ ვხვდებოდით. ზუსტად არ მახსოვს როგორ გავიტანე, თუმცა ძალიან ლამაზი გოლი გამომივიდა.“
რა თავისებურებით გამოარჩევთ ფეხბურთს სპორტის სხვა სახეობებისგან. რა მოგწონთ ყველაზე მეტად სპორტის ამ სახეობაში?
„როგორც ზემოთ აღვნიშნე ფეხბურთი ყოველთვის ძალიან მიყვარდა, თანაც ჩვენთან მხოლოდ ჭიდაობაზე და ფეხბურთზე შეგეძლო სიარული, სპორტის სხვა სახეობებზე მოხვედრა ჩვენთან შეუძლებელი იყო.“
თქვენ გორის „დილაში“ ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობთ, თუმცა რუსეთის ჩემპიონატში სხვა პოზიციაზეც თამაშობდით. რომელ ამპლუაზე გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?
„რუსეთში ცენტრალური მცველის ამპლუაში დავიწყე თამაში, შემდეგ კი ერთ-ერთმა მწვრთნელმა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე მომსინჯა. ჩემთვის მისაღებია მარჯვენა და მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშიც, რადგან ვფიქრობ ბურთის ართმევა ყველა მხრიდან კარგად შემიძლია.“
ჯერ 23 წლის ხართ და შესაბამისად წინ გაქვთ საფეხბურთო კარიერა. რა არის თქვენი მთავარი მიზანი ფეხბურთში?
„ჩემი მთავარი მიზანია ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა, რაც მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული.“
როგორ შეეწყეთ ახალ გუნდს, ქალაქს? რას იტყვით ზოგადად გორის „დილაზე“ და ჩვენი გუნდის გულშემატკივარზე. როგორ გრძნობთ თავს ახალ კლუბში?
„ჩემი აგენტი დამიკავშირდა და მითხრა გორის „დილას“ დაინტერესების შესახებ, თუმცა „ურალთან“ ორწლიანი კონტრაქტი ისევ მაკავშირებდა, სადაც მხოლოდ მეორე გუნდში ვთამაშობდი და პირველ შემადგენლობაში სათადარიგოზე მიწევდა ყოფნა. ძალიან დამაიტერესა საქართველომ და გადავწვიტე ამ გუნდში მოვსულიყავი, რომელსაც სათავეში ახალგაზრდა და ნიჭიერი მწვრთნელი უდგას. დიდი მადლობა გულშემატკივარს, რომელიც თამაშის მსვლელობის დროს დიდ სტიმულს მაძლევს“
როგორი ატმოსფეროა კლუბში?
„ძალიან კარგი ატმოსფეროა, რაც ჩემთვის ცალსახად სასიამოვნოა. არცერთ გუნდში სადაც მითამაშია ასეთი ატმოსფერო არ ყოფილა, თუმცა ამ მხრივ „ალანიასაც“ გამოვარჩევდი, სადაც ფეხბურთელები თამაშის დაწყებამდეც კი ხუმრობდნენ. (იცინის)
რაც შეეხება გორს, აქ ძალიან კარგი ფეხბურთელები და მწვრთნელები არიან. ერთმანეთის კარგად გვესმის. სხვათაშორის ქართულიც ვიცი და აქედან გამომდინარე კომუნიკაციის პრობლემა არც მქონია. ცოტა ქართული ჩემშიც არის და ამიტომ ბედნიერი ვარ რომ ამ კლუბში ვირიცხები.“
„დილას“ პრესსამსახური