თბილისის “დინამოსთან” მატჩის წინ სათქმელი
ხუთშაბათს, 5 მარტს, საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდება. თბილისის სტადიონ “დინამო-არენაზე” მარგველთა და დინამოელთა რიგით ოცდამეთხუთმეტე საჩემპიონატო დაპირისპირება გაიმართება.
რაც შეეხება დინამოელებთან საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ურთიერთობათა ისტორიას – სადღეისოდ ეროვნულ ჩემპიონატში გუნდებმა ერთმანეთში 34 შეხვედრა გამართეს. ამ მატჩებში 19-ჯერ გაიმარჯვეს თბილისელებმა, 6 დასრულდა ფრედ, 9 კი მოიგეს ზესტაფონელებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაშიც თბილისელი ფეხბურთელები ფლობენ უპირატესობას – 51:33.
ხშირი გახლდათ თბილისურ-ზესტაფონური “დუელები” დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც. უნდა ითქვას, რომ აქ უპირატესობა იმერლების მხარესაა: სადღეისოდ გამართულ 8 სათასო შეხვედრაში 3-ჯერ იმერლებმა იმარჯვეს, 2-ჯერ დედაქალაქელებმა, 3 მატჩიც ფრედ დასრულდა, ბურთების სხვაობა 5:4 ”ზესტაფონის” სასარგებლოდ. ერთხელ (2008 წელს) გუნდები სუპერთასისათვის მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს და ის შეხვედრა თბილისელთა მინიმალური გამარჯვებით (1-0) დასრულდა.
სულ, 2004 წლის შემდეგ, “დინამოსა” და “ზესტაფონს” შორის 43 შეხვედრაა ჩატარებული, აქედან 22-ში დედაქალაქელებმა იმარჯვეს, 12-ში იმერლებმა, 9 მატჩი კი დასრულდა ფრედ, ბურთების სხვაობა 56:38 ”დინამოს” სასარგებლოდ.
საინტერესოა ის, რომ ზესტაფონელთაგან დინამოელთა კარში სხვაზე ხშირად ჯაბა დვალს გაუტანია – ჯაბას “დინამოს” კარში 5 გოლი აქვს გატანილი. 2-2-ჯერ თბილისელთა კარის ბადე ერთბაშად 6 ზესტაფონელ ფეხბურთელს (შოთა ბაბუნაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ზურაბ იონანიძე, ბექა გოცირიძე, ზაალ ელიავა და ნიკოლოზ გელაშვილი) შეურხევია.
თბილისის “დინამოსთან” ხუთშაბათს გასამართი შეხვედრა, რომელსაც თბილისელი ფიფას არბიტრი ლაშა სილაგავა განსჯის, 17:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის “მეორე არხის” ეთერში გადაიცემა.
ჩვენ კი “ზესტაფონსა” და თბილისის “დინამოს” შორის გამართული რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩის საარქივო კადრებს გთავაზობთ…
FCZestafoni.GE