გიორგი მაკარიძე: “ქართული ფეხბურთი ასეთ დღეში ყოფნას არ იმსახურებს”
2007 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებში დებიუტი 17 წლის მეკარეს, გიორგი მაკარიძეს ჰქონდა, რომელმაც შოტლანდიის გუნდთან კარი მშრალად შეინახა და ჩვენი ეროვნული გუნდის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ გამარჯვებაში საკუთარი წვლილიც შეიტანა. ამის შემდეგ მაკარიძე საფრანგეთში აღმოჩნდა ახლა კი 24 წლის არის და პორტუგალიის მეორე დივიზიონის ბინადარ “ფეირენსეს” ღირსებას იცავს. ქართველ მეკარესთან საუბარი სწორედ ფრანგული პერიოდით დავიწყეთ.
– საფრანგეთში ყველაფერი კარგად იწყებოდა, თუმცა შემდეგ “ლე მანი” გაკოტრდა და გუნდი მეექვსე ლიგაში დააქვეითეთეს, რის გამოც კლუბის შეცვლა გახდა საჭირო.
– შემდეგ ცოტა ხნით კვიპროსზეც იყავით, სადაც ფაქტობრივად არ გითამაშიათ…
– კვიპროსელებს მეკარე არ ჰაყვდათ და დროებით, ერთთვიან კონტრაქტზე შევთანხმდით. თუმცა, ისე მოხდა, რომ თამაშის უფლება გვიან გამიკეთეს, როცა უკვე გადაწყვეტილი იყო მათი ლიგაში დარჩენის საკითხი. შემდეგ თანამშრომლობის გახანგრძლივება კი შემომთავაზეს, მაგრამ იქაური სიტუაცია არ მომეწონა და წამოსვლა გადავწყვიტე.
– თქვენს ახლანდელ გუნზე რას იტყოდით?
– ახლა პორტუგალიის მეორე ლიგის ბინადარ “ფეირენსეს” ღირსებას ვიცავ. ფეხბურთის მხრივ აქ დონე საკმაოდ მაღალია, მაგრამ ფაქტობრივად ყველა კლუბს ფინანსური პრობელემები აქვს. წელში გამართულები მხოლოდ გრანდები არიან.
– რა მიზნებს ისახავდა “ფეირენსე” სეზონის სტარტზე?
– მიზანი უმაღლეს ლიგაში გადასვლა იყო, თუმცა ამის გაკეთება უკვე ძალიან რთული იქნება.
– პირადად თქვენს თამაშს როგორ შეაფასებდით?
– ერთი წელი უგუნდოდ ვიყავი და ამის ფონზე წლევანდელი სეზონით კმაყოფილი ვარ. ფაქტობრივად ნულიდან დავიწყე და უკვე იმაზე კარგ ფორმაში ვარ ვიდრე საფრანგეთში ყოფნის პერიოდში ვიყავი.
– არ შემიძლია არ გკითხოთ ნაკრების თემაზეც, სადაც დებიუტი საკმაოდ ახალგაზრდულ ასაკში გქონდათ… როგორ შეაფასებდით უკანასკნელ პერიოდს და მას შემდეგ მომხდარ ცვლილებებს ეროვნული ნაკრების შტაბში?
– იყო რამდენიმე კარგი თამაში, თუმცა მთლიანობაში ყველა მაინც უკეთესს ელოდა. დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში ნაკრებს ბევრად უკეთესი შედეგები ექნბა. მინდა კახა ცხადაძეს წარმატებები ვუსურვო. ქართული ფეხბურთი ასეთ დღეში ყოფნას არ იმსახურებს.
– ალბათ ნაკრებში დაბრუნებაზეც ფიქრობთ?
– რა თქმა უნდა. ამის დიდი იმედი მაქვს.
– სამომავლო გემგებზე რას გვეტყვით? არის რაიმე შემოთავაზებები?
– ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული და იმაზე, თუ როგორ ჩავატარებ დარჩენილ შეხვედრებს.