თორნიკე ოქრიაშვილი “გენკის” კაპიტნის წინააღმდეგ
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, თორნიკე ოქრიაშვილს კიდევ ერთი უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა.
7 მარტს, ბელგიის ჩემპიონატში “გენკმა” საკუთარ მოედანზე “ზულტე-ვარეგემი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი მასპინძელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა და ის თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო.
Voetbalnieuws-ი წერს, რომ ოქრიაშვილი თამაშის თავის თავზე აღებას ცდილობდა და რამდენიმეჯერ თანაგუნდელებს პასიც არ გაუკეთა. ამ ყოველივემ “გენკის” კაპიტანი ტომას ბუფელი გააბრაზა და “ოქრის” უსაყვედურა. ბუფელს პასუხი ოქრიაშვილმაც გასცა და მოედანზე სიტუაცია დაიძაბა.
“ოქრიაშვილის მესმის. ის შეცვლაზე შემოვიდა და ბუნებრივია, თავისი შესაძლებლობების გამოვლენას ცდილობდა. ამ ინციდენტს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, რადგან მატჩის დასრულების შემდეგ ყველაფერი მოგვარდა”, – თქვა ბუფელმა.