13 მაისის მოლოდინში
ქართული რაგბის ქომაგებს შეგახსენებთ, რომ 25-27 თებერვალს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა მსოფლიო რაგბის საშეჯიბრო და მაღალი მიღწევების კომიტეტის თავმჯდომარე – მარკ იგანი. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა მსოფლიო რაგბის 2017 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატის საქართველოში გამართვასთან დაკავშირებული მდგომარეობა.
ვიზიტის ფარგლებში მარკ იგანი შეხვდა საქართველოს მთავრობას, ქალაქ თბილისისა და ქუთაისის მერიის წარმომადგენლებს, იმერეთის გუბერნატორს და ასევე ფონდ „ქართუს“.
შეხვედრების საფუძველზე ბატონმა იგანმა 3 მარტს გააკეთა მოხსენება მსოფლიო რაგბის სარაგბო კომიტეტის, ხოლო 4 მარტს მსოფლიო რაგბის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომებზე.
ორივე კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს ძალისხმევა უმასპინძლოს 2017 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს და შესაბამისი რეკომენდაციით მიმართა ‘მსოფლიო რაგბის’ საბჭოს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მიმდინარე წლის 13 მაისს შეიკრიბება.
საქართველოს შანსები უმასპინძლოს 2017 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა აჯობებს დაველოდოთ ‘მსოფლიო რაგბის’ საბჭოს გადაწყვეტილებას და იმედი გვქონდეს, რომ საკითხი საქართველოსთვის დადებითად გადაწყდება.
Rugby.GE