ლუის ენრიკე: “რეალზე საუბარი არ მსურს, მესი კი, საოცრად მოტივირებულია”
კატალონიური “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ უარი განაცხადა უშუალო კონკურენტ მადრიდის “რეალთან” დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვებისთვის პასუხის გაცემაზე, სამაგიეროდ, გუნდის ლიდერ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის გასულ ტურში “ბილბაოსთან” 0:1 დამარცხებულ “რეალს”, “ბარსა” “რაიო ვალეკანოს” 6:1 განადგურების შემდეგ 1 ქულით უსწრებს.
“საერთოდ, მეტოქეებზე საუბარი ჩემი სტილი არაა და ამჯერადაც, “რეალზე” არაფერს გეტყვით. ყოველი მატჩი რთულია და აუცილებლად უნდა მოიგო. ეს ვალდებულებაა და იგი ზემოქმედებას ახდენს შენზე. “ბარსელონასგან” ყოველთვის ლამაზ, სანახაობრივ ფეხბურთს და გამარჯვებებს ელიან. მაქსიმალურად ვცდილობთ გავუმკლავდეთ ამ ამოცანას და გულშემატკივრების ნდობა გავამართლოთ”.
“რაც შეეხება მესის, კარგად ვხედავ იგი ისეთი მოტივირებულია, როგორც არასდროს. იგივეს ვიტყოდი მის პარტნიორებზეც. მწვრთნელი უკეთესზე ვერც იოცნებებს,”-აღნიშნა ენრიკემ.