“ვიტ ჯორჯიას” კობიაშვილი უთავკაცებს
საფეხბურთო კლუბ “ვიტ ჯორჯიას” მთავარ მწვრთნელად, გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, 39 წლის თენგიზ კობიაშვილი იმუშავებს.
კობიაშვილი წლების მანძილზე იცავდა “ვეტერინართა” ღირსებას და 2004 წელს კლუბთან ერთად ჩემპიონობაც მოიპოვა. 2011 წლიდან თენგიზ კობიაშვილი “ვიტ ჯორჯიას” საკლუბო სისტემაში მუშაობს. ჯერ ჭაბუკთა უფროსი ასაკობრივი გუნდის მწვრთნელის თანაშემწედ, შემდეგ იმავე გუნდის მთავარ მწვრთნელად. 2013 წელს მისი ხელმძღვანელობით გუნდი ვერცხლის მედლებს დაეუფლა. იმავე წელს დაინიშნა ვიტ ჯორჯიას დუბლშემადგენლობის მთავარ მწვრთნელად და 2013/14 წლების სეზონში გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა. მიმდინარე სეზონში ჩვენი გუნდის დუბლშემადგენლობა ერთპიროვნულად ლიდერობს გათამაშებას, რაშიც თენგიზ კობიაშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის.
შეგახსენებთ, რომ კლუბის აწ უკვე ყოფილმა დამრიგებელმა, ზურაბ ბერიძემ თანამდებობა “ცხინვალთან” თასის 1/4 ფინალში მარცხის შემდეგ დატოვა. ცნობილია, რომ “ვიტ ჯორჯიას” ხელმძღვანელობა ბერიძეს კლუბის სტრუქტურაში შესთავაზებს დასაქმებას.