„ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა მიუღებელია“ ნოდარ ანდღულაძე
ნიუ-იორკში ‘გაეროს’ 59-ე სესიაზე გაიმართა დისკუსია თემაზე ‘სპორტის როლი ქალთა გაძლიერებაში’, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საერთაშორისო ოლიპმიური კომიტეტის მიერ იყო ორგანიზებული. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ვეტერანი ქართველი მორაგბე, ბორჯღალოსანი ნოდარ ანდღულაძე, რომელმაც ისაუბრა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაზე.
„ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის თამაში, აქ არაა პირველი თუ მეორე ტაიმი – ეს უწყვეტი ბრძოლაა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე უნდა გაგრძელდეს და შეცდომისთვის დრო ნამდვილად არ გვაქვს!
„რაგბი დაფუძნებულია პატივისცემის, ღირსებისა და ურთიერთ თანადგომის პრინციპებზე, რომელიც ეწინააღმდეგება ნებისმიერი ტიპის ძალადობას. ჩვენ, სპორტსმენებმა, მაგალითი უნდა მივცეთ და ავუხსნათ ჩვენ გულშემატკივრებსა თუ საზოგადოებას, რომ ძალადობა მიუღებელია, განსაკუთრებით კი ძალადობა ქალთა და გოგონათა მიმართ! ჩვენ, როგორც მამებმა, მეუღლეებმა, ძმებმა და შვილებმა, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა აღვკვეთოთ და განსაკუთრებით აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ.
„ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ მსოფლიოს ქალების და შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის უკეთესი მომავლისთვის, ამიტომ მინდა მოვუწოდო სპორტის ფედერაციებს, ყველა ცნობილ სპორტსმენს, შემოგვიერთდნენ ოჯახში, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.“ განაცხადა ნოდარ ანდღულაძემ
სრული გამოსვლის ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:http://bit.ly/1MGu23h
Rugby.GE