რეკორდსმენი ჰარტი: “დღეს ძალიან დავიტვირთე”
“მანჩესტერ სიტი” უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებას გამოეთიშა. ინგლისური გუნდი “ბარსელონასთან” ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 1:3 დამარცხდა. მიუხედავად მარცხისა, “ქალაქელთა” კიპერმა ჯო ჰარტმა საპასუხო შეხვედრაში ათი სეივი გააკეთა და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. სხვათა შორის, ინგლისელმა მეკარემ ერთ მატჩში გაკეთებული სეივების რაოდენობით ტურნირზე ახალი რეკორდი დაამყარა.
“ამ დიდებულ გუნდთან უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მეორედ დავმარცხდით. “ბარსელონა” აპლოდისმენტს იმსახურებს. პენალტით ჩვენც კარგი შანსი გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ.
მე მესის თერთმეტმეტრიანი კი ავუღე, თუმცა სამწუხაროა, რომ ამას საბოლოო შედეგში მნიშვნელობა აღარ მიეცა. მე აქ იმისთვის ვარ, რომ სეივები გავაკეთო, დღეს მეტოქემ ბევრი დაგვირტყა. საკმაოდ დავიტვირთე”, – ჰარტის სიტყვები BBC-მ გამოაქვეყნა.