RUGBYWORLDCUP.COM მსოფლიო თასისთვის მზადება გაჩაღდა
სტატია მოამზადა RUGBYWORLDCUP.COM
მილტონ ჰეიგს მიაჩნია, რომ ევროპის ერთა თასის წარმატებული კამპანია არაერთ კარგ სამსახურს გაუწევს ბორჯღალოსნებს 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასზე.
საქართველოს მიერ ევროპის ერთა თასის ზედიზედ მეხუთედ დაუფლებამ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ‘ბონუსები’ მოუტანა.
მაშინ როდესაც მსოფლიო თასამდე დარჩენილ თვეებში ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთხელ წალეკეს ყველა და ყველაფერი ევროპის ერთა თასის შესანარჩუნებლად, მსოფლიო რეიტინგში იტალიას გადაასწრეს და მე-14 ადგილი დაიკავეს, არაერთმა ახალგაზრდა ქართველმა მორაგბემ იხელთა დრო საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად.
ახალზელანდიელი ჰეიგი, რომელიც ნაკრების სამწვრთნელო შტაბს სათავეში 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ჩაუდგა, კმაყოფილია ჩემპიონის ტიტულითა და დომინანტი ძალის სახელის შენარჩუნებით, მაგრამ აქვე აღნიშნავს, რომ გუნდმა წლის უმნიშვნელოვანესი ღონისძიებისთვის მოსამზადებელ პერიოდში დასახული სხვა მიზნების მიღწევაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება.
„რა თქმა უნდა, ჩემპიონატის მოგება გვინდოდა, მაგრამ მთავარი ამოცანა მაინც მსოფლიო თასის წინ მოთამაშეებზე დაკვირვება გახლდათ. მადრიდში და ბუქარესტში გამოვცადეთ ახალი მოთამაშეები, ასევე გვაინტერესებდა ტრამვებმოშუშებული მორაგბეების აღდგენილი ძალებიც.
„ბოლო 3 წლის განმავლობაში გუნდი საკმაოდ განვამტკიცეთ, მაგრამ ბევრი პოზიცია მაინც გასამაგრებელია – მითუმეტეს, რომ ნოემბერში დაგვტოვა გუნდის კაპიტანმა ირაკლი მაჩხანელმა, რომელსაც 70-ზე მეტი კეპი აქვს მოხვეჭილი საქართველოს ნაკრებში.
„სამაგიეროდ, დაგვემატა ორი ახალი ფრთის მოთამაშე: ახალგაზრდა ფულბექი გიორგი აფციაური და ალექს ხუციშვილი – ზორბა, ძლიერი მორაგბე, რომელიც შვიდკაცას ნაკრებში თამაშობდა, წელს კი 15-კაცა ნაკრებში გაიარა საბრძოლო ნათლობა“.
ყველაზე ახალგაზრდა?
ჰეიგმა ასევე ისაუბრა ახალგაზრდა 9 ნომერზე, ნაკრების „არმაზელ“ ჰავბეკზე ვასილ ლობჟანიძეზე, რომელსაც მწვრთნელი ნათელ მომავალს უქადის.
„მის განსაკუთრებულ ნიჭში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. ის იმაზე უფრო სწრაფად ჩაება ნაკრების რითმში, ვიდრე ველოდით. ჩვენ მას ამ ჩემპიონატზე მხოლოდ ერთი მატჩისთვის ვამზადებდით, მან კი სამის თამაში მოახერხა. ისეთი თამაში აჩვენა, რომ რუსეთთან და რუმინეთთან ნამდვილად ვერ გამოვტოვებდით“.
18 წლის ლობჟანიძე მსოფლიო თასზე თუ მოხვდება, ის ტურნირის ისტორიაში ჩაეწერება როგორც ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე. დღესდღეობით, მსოფლიო თასის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ამერიკელი არწივების მორაგბე თრეტონ პალერმო ითვლება, რომელსაც 2007 წლის მსოფლიო თასის დროს, აშშ-სამხრეთ აფრიკის მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე შეუსრულდა 19 წელი. ლობჟანიძის მე-19 დაბადების დღე 14 ოქტომბერს უწევს, მეოთხედფინალებამდე ორიოდე დღით ადრე.
საქართველოს, “გ” ჯგუფის ლიდერებიდან (ახალი ზელანდია და არგენტინა) ერთ-ერთის დამარცხება მაინც სჭირდება იმისთვის, რომ ფლეიოფში დარჩენის რაიმე იმედი ჰქონდეს.
„ჩვენ ამას არც კი განვიხილავთ“, ამბობს ჰეიგი, „არგენტინა მსოფლიო რეიტინგში მე-8 ადგილზეა, ჩვენ კი მე-14-ზე. მე-8 ადგილს არგენტინა სწორედ იმიტომ ინარჩუნებს, რომ სისტემატურად ამარცხებს უფრო სუსტ გუნდებს, ხანდახან კი უფრო ძლიერ ნაკრებებსაც ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს – გაიხსენეთ თუნდაც ავსტრალიასთან მათი მოგება.
„თუ ჩვენ ტურნირის წინ დაგეგმილ თამაშებზე კარგი სტარტი ავიღეთ და ტონგასთან პირველი მატჩიც მოვიგეთ, მაშინ არავინ იცის რა შეიძლება მოხდეს. და მაინც, არგენტინის გატეხვის იმედი მხოლოდ მაშინ გვექნება, თუ ჩვენ ამ თამაშს საუკეთესო ფორმაში დავხვდით, არგენტინა კი მოწოდების სიმაღლე ვერ აღმოჩნდა.
„ჩვენი მიზანი ორი მატჩის მოგებაა, რათა ჯგუფში მესამე ადგილი დავიკავოთ. შემდეგ მსოფლიო თასზე შესარჩევის გარეშე ავტომატურად მოხვედრა ისეთი რამაა, რასაც აქამდე ვერ ვახერხებდით.“
მსოფლიო თასისთვის მზადება გაჩაღდა
6 თვეზე ნაკლები რჩება ინგლისის მსოფლიო თასამდე. 50 წლის მილტონ ჰეიგი შიშობს, რომ ტურნირი ისე მალე მოახლოვდება, ვერც კი გავიგებთ.
„ძალიან დიდი დატვირთვით ვმუშაობდით, მსოფლიო თასის წინა მოსამზადებელი პროცესის განრიგი ჩვენს ძირითად კალენდართან თანხვედრაში რომ მოგვეყვანა. ახლა, როდესაც ევროპის ერთა თასი დასრულდა, შევაფასებთ მიღწეულ შედეგებს და მე ერთი კვირით საფრანგეთში გადავალ, რათა იქ მოღვაწე ქართველ მორაგბეებს შევავლო თვალი.
„ივნისში გასამართი თბილისის თასი კიდევ ერთხელ მოგვცემს შესაძლებლობას კარგად შევაფასოთ ჩვენი მოთამაშეები და აქედან კი სრულიად გადავერთვებით მსოფლიო თასისთვის მზადებაზე.
„ჩვენ გველოდება 10-11-კვირიანი საწვრთნელი შეკრება, რომლის ნაწილსაც პოლონეთის ოლიმპიურ სპორტულ ცენტრში გავატარებთ. შემდეგ ისევ დავბრუნდებით საქართველოში, ერთი კვირით შევისვენებთ და გავემართებით ლონდონისკენ, სადაც სამ სპარინგ მატჩს გავმართავთ – 28 აგვისტოს ნიუკასლში შევხვდებით მასპინძელ კლუბს, შემდეგ ეშერში კანადას და გლოსტერში იაპონიას შევერკინებით.
„ჩვენი გეგმები საკმაოდ მჭიდროდაა გაწერილი, რადგან მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი პერიოდი ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილია.“
Rugby.GE