ბოლოსწინა ტური რუსთავის და ქუთაისის გამარჯვებებით დაიწყო (მატჩისშემდგომი კომენტარები)
სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა, მე-13 ტური დღეს რეგიონებში დაიწყო. მატჩებს რუსთავმა და ქუთაისმა უმასპინლეს, სადაც სათამაშოდ შესაბამისად „ოლიმპი“ და „მგზავრები-არმია“ ჩავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ „ოლიმპმა“ გასულ ტურში ჩემპიონატის ფავორიტი „შსს-აკადემია“ დაამარცხა. ამ გუნდის საამაყო გამარჯვებების სიაში ამ რეზულტატთან ერთად პირველ წრეში თბილისში „რუსთავის“ დამარცხებაც გახლდათ. მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილმა ქვემოქართლურმა გუნდმა „ოლიმპს“ რევანში აუღო და დღეს, რუსთავის დარბაზში 82:69 დაამარცხა.
„ოლიმპმა“ ტრადიციისამებრ სწრაფად დაიწყო თამაში და მისი წევრები შედეგიანადაც ირჯებოდნენ. გია კაზანჯიანის გუნდმა პირველი მეოთხედი 25:19 მოიგო და ლიდერობას დიდი შესვენებისთვისაც ინარჩუნებდა. მესამე პერიოდში მასპინძლებმა თამაშში გარდატეხა შეიტანეს. შედეგიანად ამოქმედდა რუსთაველთა როგორც წინა, ისე უკანა ხაზი და 8-ქულით მოგებული მესამე ათწუთეულის შემდეგ ქვემოქართლელებმა გამარჯვებისთვის საჭირო უპირატესობა მოიპოვეს.
რუსთაველთა გამარჯვებაში უდიდესი წვლილი გოგა ცეკვავას მიუძღვის, რომელმაც 23 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. 19 ქულა მიხეილ ჭოჭუას ანგრიშზეა, 8 ქულა და 10 მოხსნა აკაკი დვალიშვილმა მოინაგრა. „ოლიმპში“ 16 ქულით ბომბარდირი მარკო დუიკოვიჩი გახდა, 15 ქულა ნოდარ გოგოძის ანგარიშზეა.
ქუთაისში დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა მალხაზ კოხრეიძის გუნდმა. იმერულმა კლუბმა სუპერლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ „მგზავრები-არმიას“ უმასპინძლეს და 78:71 დაამარცხეს. ქუთაისელებმა პირველი ტაიმი 18 ქულით მოიგეს და საბოლოოდ გამარჯვებამდე მისვლა აღარ გასჭირვებიათ.
გუნდურად მოთამაშე ქუთაისელებში გიორგი ბარბაქაძე 16 ქულით გამოირჩა, ხოლო სენეგალელმა აბდულაი ნდოემ 10 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. „მგზავრები-არმიაში“ 20 ქულითა და ამდენივე მოხსნით თავი ადრიკ მაკკინმა გამოიჩინა, მეორე ამერიკელმა ტამირ ჯექსონმა კი თბილისელებს 18 ქულა და 9 მოხსნა შესძინა.
სუპერლიგის მე-13 ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა ხვალ, 28 მარტს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.
რუსთავი – ოლიმპი 82:69
მატჩისშემდგომი კომენტარები:
მიხეილ ბერუაშვილი, „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი:
„როგორც მოსალოდნელი იყო, „ოლიმპმა“ იბრძოლა. ამ გუნდში ძირითადად ახალგაზრდა კლათბურთელები თამაშობენ, რომლებსაც ყველაფერი წინ აქვთ და მინდა მათ წარმატება ვუსურვო. ვულოცავ ჩვენს გუნდს ამ გამარჯვებას, რომლითაც მე-4 ადგილი შევინარჩუნეთ და სავარაუდოდ რეგულარულ ჩემპიონატს ამ პოზიციაზე დავასრულებთ“.
გია კაზანჯიანი, „ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი:
„პირველ ტაიმში 5 სამქულიანი ჩავაგდეთ, ხოლო მეორეში არც ერთი. სწრაფი თამაში, რომელიც პირველ ტაიმში გამოგვდიოდა, მეორეში აღარ გამოგვივიდა, დაცვაშიც მოვიკოჭლეთ და წაგებაც ამ მიზეზებმა განაპირობა“.
ქუთაისი – მგზავრები-არმია 78:71
ანატოლი ბერიშვილი, „მგზავრები-არმიას“ მთავარი მწვრთნელი:
„ჩვენი მეტოქე ფავორიტი იყო. გვაკლდა რეზო ათანელიშვილი, ტატო ჩაჩიბაიას კი ფეხი ბოლომდე არ ჰქონდა მორჩენილი და სათანადოდ ვერ დაიხარჯა. პირველ ტაიმში ვერ შევასრულეთ ის, რაც დაგეგმილი გვქონდა, თუმცა მეორე ნახევარში მეტოქეს ვაჯობეთ და დიდი ჩამორჩენა შევამცირეთ. თავიდანვე რომ ისეთივე შედეგიანად გვეთამაშა, როგორც მეორე ტაიმში, სასურველი შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა“.
მედეა მხეიძე, „ქუთაისის“ მწვრთნელი:
„მიუხედავად იმისა, რომ „მგზავრები-არმია“ ცხრილში ბოლო ადგილზე იყო, მე არ მეგონა, რომ იოლად გავიმარჯვებდით. პირველ ტაიმში 24-ქულიან უპირატესობას მივაღწიეთ და ეს ფაქტიურად გამარჯვებას ნიშნავდა, თუმცა მეორე ტაიმში მოხდა ის, რასაც ვვარაუდობდი. სტუმრებმა იპოვეს საკუთარი თამაში და მეორე ნახევარში გვაჯობეს. საბოლოოდ გამარჯვებამდე მაინც მივედით და მთავარი ესაა – გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. ვულოცავ ჩვენი გუნდის წევრებს ამ გამარჯვებას და მათ მადლობას ვუხდი.