5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაამარცხოს საქართველომ გერმანიის ნაკრები
დღეს საქართველოს ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფარგლებში მსოფლიო ჩემპიონ გერმანიას უმასპინძლებს. რასაკვირველია, შეხვედრა საქართველოსა და მის გარეთ დიდ ინტერესს იწვევს. როგორც წინა წლებში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ნაკრებთან თამაშის წინ მოლოდინი განსაკუთრებულია.
Fanebi.com-ი იმ ხუთ მიზეზს ასახელებს, რომლის გამოც დღეს სენსაცია გამორიცხული არ არის.
1. კახა ცხადაძის პირველი ოფიციალური მატჩი
მალტის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის შემდეგ კახა ცხადაძეს პირველი ოფიციალური შეხვედრა ელის. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ნაკრების ახალმა დამრიგებელმა თავიდანვე საინტერესო წყობა 3-5-2 აირჩია, რომელიც მეორე ნახევარში შეცვალა. რა თქმა უნდა, დღეს ასეთი სქემით საქართველოს ნაკრების თამაში ნაკლებად სავარაუდოა. ჯერ ერთი, მსოფლიო ჩემპიონთან ასე თამაშს ნაკლებად დადებითი ეფექტი უნდა ჰქონდეს და მეორეც, ჩვენი ნაკრები ასეთი სქემით გამოსვლის გამოცდილებით ვერ გამოირჩევა.
ზოგადად, კახა ცხადაძის ნაკრების მწვრთნელად დანიშვნას საზოგადოებისა და გულშემტკივრების ერთი ნაწილის მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, რასაც ისინი სხვა სპეციალისტის მოწვევის იმედით ასაბუთებდნენ და იმასაც აღნიშნავდნენ, რომ კახას მსგავს მდგომარეობაში მყოფი ნაკრების შედეგების გაუმჯობესება გაუჭირდება. ასეთი წნეხის ქვეშ გერმანიის ნაკრების დონის გუნდთან დებიუტი ადვილი არ არის, ასე რომ, ჩვენი ნაკრების დამრიგებელს, წინა სპეცილისტებთან შედარებით, ორმაგი ტვირთი აქვს. ამავდროულად, სწორი დარიგებებით, სქემითა და გეგმით ცხადაძეს კრიტიკოსთა გაჩუმების შანსი აქვს, რამეთუ ფეხბურთში თავდადება ძვირად ფასობს.
2. ნაკრებში დაბრუნებული ფეხბურთელები
მალტასთან მატჩის წინ ცხადაძემ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო – ნაკრებში რამდენიმე ფებურთელი დააბრუნა, რომელთა შორისაც, პირველ რიგში, ლევან ყენია უნდა აღვნიშნოთ. ლევანის ტრავმებზე ისედაც ყველასთვის ნაცნობი საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა ქართველი ფეხბურთელის კარიერაში პრაღის „სლავიაში“ გადასვლის შემდეგ კარგი ეტაპი დაიწყო, რაც ნაკრების ახალი მწვრთნელისთვის შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა. ლევანის კარგი თამაში და მის მიმართ ნდობა ცხადაძემ მალტასთან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზეც აღნიშნა.
ასეთმა კარგი პერიოდმა, შესაძლოა, ყენია პოტენციალის სრულ გამოყენებაში ხელი შეუწყოს და უახლოეს მომავალში სწორედ ისეთი ლევანი ვიხილოთ, რომლის ნახვის სურვილი ბოლო წლებში გვაქვს.
3. ორმაგი მოტივაცია
წინა წლებმა აჩვენეს, რომ დიდ გუნდებთან წარმატებულად თამაში ფეხბურთელების განწყობაზე და მათ კარიერულ წინსვლაზეც გარკვეული დოზით მოქმედებს. ასე, ესპანეთთან ანგარიშით 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ გიორგი ლორიას იმდენად აქებდნენ, რომ ბოლოს მისი საზღვარგარეთ გადასვლა კიდევ უფრო რეალური გახდა. სხვას რომ თავი დავანებოთ, მსოფლიოს ჩემპიონის წინააღმდეგ თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ორმაგი პასუხისმგებლობა უნდა იყოს, თავდადებული თამაში კი – მომავალი თაობისთვის სამაგალითო.
4. ღვთის იღბალი
დიახ, ღვთის იღბალი… მორწმუნე ხალხის ნაწილი ამბობს, რომ საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა… ვინ იცის, იქნებ, ღმერთი და იღბალი ჩვენთან ერთად არიან? იღბალს რომ ვუყვარვართ მალტასთან მატჩის პირველი ნანატრი გოლის ეპიზოდში ძალიან კარგად დადასტურდა… თუმცა, ქართულ საზოგადოებას პასუხი ამაზეც ექნება – იტყვიან, ბოლო-ბოლო ხელით მარადონასაც გაუტანიაო, დიეგო არმანდო კი საუკეთესო იყო… იქნებ, ჩვენც საუკეთესო გუნდი გვყავს? ან ჯაბა კანკავაც საუკეთესოა? რა თქმა უნდა, ობიექტურობა კარგია, მაგრამ ყველამ გულებში ჩავიხედით… იმედია, მსაჯები, საჭიროების შემთხვევაში, დღესაც „დაგვეხმარებიან“.
არ დაგვავიწყდეს გოჩა რამაზიშვილის სიტყვებიც, რომლის ვარაუდით, საქართველოს ნაკრებში 5 დაფარული წმინდანი ითამაშებს. ვინ იცის, შესაძლოა, ეს დრო უკვე დადგა კიდეც…
5. ანშლაგი
ტრადიციულად, მსოფლიოს ტოპ ნაკრებთან თამაშის წინ ანშლაგია მოსალოდნელი, რაც სავსებით ლოგიკურია. ხუთშაბათს ყველა ბილეთი უკვე გაყიდფული იყო, თუმცა, მათი ნაწილი გადამყიდველებმა შეიძინეს, რაც ცალკე პრობლემას წარმოადგენს, რომელზეც სხვა დროს ვისაუბრებთ. გავსებული სტადიონზე თამაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისთვის არც ისე ხშირი მოვლენაა და ესეც დამატებითი მოტივაციის მიზეზი უნდა იყოს.
ტრადიციად ისიც იქცა, რომ ასეთი შეხვედრების წინ გულშემატკივართა პატარა ნაწილი მხარს უცხოურ ნაკრებს უჭერს, რაც უმეტესობის აღშფოთებას იწვევს. ქართველ ფეხბურთელებს, შეუძლიათ, ამ მცირე ნაწილს დაუმტკიცონ, რომ მხარდაჭერას ისინიც იმსახურებენ.