კახა ცხადაძე: “წლებია, ამ ფეხბურთელებს ლანძღვისა და გინების მეტი არაფერი არ მოუსმენიათ”
საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართული დაპირისპირების (0:2) დასრულების შემდეგ შეხვედრა “ჯვაროსნების” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ შეფასა.
“ვულოცავ გერმანიის ნაკრებს გამარჯვებას. პირველივე ტაიმში ორი ცვლილების განხორციელება მოგვიწია, რაც ძალიან ცუდი იყო ჩვენთვის. ყველაზე დიდი პრობლემა ბურთის შენარჩუნება იყო. გრძელი გადაცემები და მოგერიებები არაფერში არ გვჭირდება. მეორე ტაიმში ფეხბურთის თამაში დავიწყეთ და რამდენიმე სახიფათო მომენტი შევქმენით. მჯერა, რომ ბიჭები მოუმატებენ. სჯობს ფეხბურთის თამაშით წააგო, ვიდრე ანტიფეხბურთით. წლებია, ამ ფეხბურთელებს ლანძღვისა და გინების მეტი არაფერი არ მოუსმენიათ. მთავარია, რომ რწმენა დაუბრუნდეთ და ყველაფერი კარგად იქნება. სამ დღეში გუნდის თამაშის აწყობა რეალური არ არის, თუმცა ამას თავის გასამართლებლად არ ვამბობ. მე ვხედავ, რომ ამ ნაკრებს პოტენციალი აქვს.
დვალი ძალიან კარგად ჩაერთო და მისი თამაშით კმაყოფილი ვარ. ამისულაშვილს მძიმე ტრავმა აქვს, კუნთი აქვს გაწყვეტილი, ხოლო ოქრიაშვილის შესახებ უფრო ზუსტად ხვალ გვეცოდინება. მჭედლიძეს პირველ ტაიმში ორ მცველთან უწევდა ბრძოლა და ვერ ვიტყოდი, რომ მან სუსტად ითამაშა. ჩვენ გვყავს სხვა თავდამსხმელებიც, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში ცვლილებები აღარ გვქონდა და თამაშის გაძლიერება ვერ შევძელით”, – განაცხადა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ცხადაძემ.