კანკავასთან მისული გულშემატკივარი: „პირველ რიგში, მე ჩემს ქვეყანას დავუჩოქე“
საქართველოსა და გერმანიას შორის გუშინდელი მატჩი ქართველი გულშემატკივრების აქტიური ქმედებებით გამოირჩა. ყველაზე დასამახსოვრებელი შესვენების დროს მოედანზე შესული მაყურებელი ზაზა არდიშვილი იყო, რომელიც ჯაბა კანკავასთან მივიდა. ჩვენი საიტი მას დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.
– გუშინდელი მატჩის შემდეგ შენზე მთელი ქვეყანა საუბრობს. უმეტესობისთვის ეს ქმედება სამაგალითო იყო, ზოგმაც გაგაკრიტიკა. რა გახდა შენი მოედანზე შეჭრის მიზეზი?
„ჩემი გუშინელი გადაწყვეტილების მიზეზი იყო მატჩამდე ერთი დღით ადრე ქართველი გულშემატკივრის საქციელი, რომელმაც მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს დაუჩოქა და აკოცა. მე იმ ადამიანს, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ამის უფლება არ მაქვს და ის ამას არც იმსახურებს. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება. ჩემი თხოვნა იქნება, ნუ მივაყენებთ იმ ადამიანს შეურაცხყოფას და სამშობლოს მოღალატედ ნუ შევრაცხავთ და მე – გმირად. ჩემს “დაჩოქებას” რაც შეეხება, მიუხედავად ჯაბა კანკავას პიროვნების უდიდესი პატივისცემისა, მე დავუჩოქე ჩემს ქვეყანას. იმ ადამიანს კი, რომელმაც შვაინშტაიგერს დაუჩოქა, მინდა ვუთხრა, რომ მას ცუდი არაფერი გაუკეთებია. ერთი სიტყვით, ჩემი საქციელი იყო ის სულ მცირედი ბიძგი, რაც ქართველი ხალხისთვის მინდოდა მიმეცა. გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა – ჯერ ჩვენი დავაფასოთ და მერე სხვისი“
– ცოტა დაწვრილებით მოგვიყევი იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდი მოედანზე. თითქოს დაცვის სამსახურის ბევრი წარმომადგენელიც იდგა, მაგრამ მიზანს მაინც მიაღწიე…
„დროშაზე ჩავსრიალდი… მეც ფეხბურთელი ვიყავი და დაცვის სამსახურს სისწრაფეში ვაჯობე“
– თავად ჯაბამ მისვლის მომენტში რა გითხრა? ან შეხვედრის შემდეგ თუ ისაუბრეთ?
„შეხვედრის შემდეგ არ გვისაუბრია. მასთან მისვლის მომენტში კი ხელი გადამხვია და ჩამეხუტა, ხმაური იყო და მისი სიტყვები კარგად ვერ გავიგონე“
– გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც დაცვას შენი გაყვანა სურდა, ფეხბურთელები გვერდში დაგიდგნენ. ყველაზე მეტად ვინ გამოირჩა?
„თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ნავალოვსკი“
– მეორე ტაიმის ნახვა თუ მოასწარი?
„კი, რა თქმა უნდა“
– ჩვეულებრივად ტრიბუნაზე დაბრუნდი?
„შემოვლითი გზით“
– განვლილი ორი მატჩის მიხედვით, ნაკრებისა და კონკრეტულად კახა ცხადაძის სამუშაოს როგორ შეაფასებდი?
„დადებითად. უბრალოდ, ნაკრებს ჯერ შეუთამაშებლობა ეტყობა. ბატონი კახა ძალიან კარგი მწვრთნელია და, იმედია, წარმატებაც მოვა“.
– და ბოლოს რას უსურვებდი ქართველ გულშემატკივარს?
„You Will Never Walk Alone, Walk on with hope in your heart“