ფაჩულიას 19 ქულა, 10 მოხსნა და 5 ჩაჭრა კლივლენდთან
ზაზა ფაჩულიას მორიგი ორმაგი დუბლი. „მილუოკი ბაქსის“ ქართველმა ცენტრმა მძლავრი მატჩი ჩაატარა თანაკონფერენციელ ერთ-ერთ ლიდერ „კლივლენდთან“, თუმცა სამწუხარო ისაა, რომ ქებული გარჯა გამარჯვებით არ დაუფასდა. მასპინძელმა მილუოკელებმა ლებრონ ჯეიმსის გუნდთან დააბულ ბრძოლაში – 99:104 წააგეს.
ზაზა ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31 წუთი დაჰყო. რომ არა მაიკლ კარტერ-უილიამსის შესანიშნავი თამაში, ქართველი ცენტრი მილუოკელთაგან საუკეთესო გახდებოდა. ზაზამ 13-დან 8 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 19 ქულასთან ერთად ფაჩულიამ 10 ქულა, 5 ჩაჭრა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. კარტერ-უილიამსმა პირად ანგარიშზე 30 ქულა და 8 პასი ჩაიწერა.
„კლივლენდში“ ფაჩულიას უშუალო ოპონენტმა ტიმოფეი მოზგოვმა 5 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა, კევინ ლავმა თავი 16 ქულასა და 11 მოხსნას მოუყარა, საუკეთესო კი კაირ ირვინი გახდა 27 ქულა-9 პასით. ლებრონ ჯეიმსმა შეხვედრა 21 ქულით, 9 მოხსნით და 8 პასით დაასრულა.
38 მოგებითა და 40 მარცხით მილუოკელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე არიან. 10 აპრილს ფაჩულიას გუნდი მედისონ სკვერ გარდენში „ნიუ იორკს“ შეხვდება.
GBF.GE