ჩემპიონთა ლიგის ხუთი გაკვეთილი
Fanebi.com წარმოგიდგენთ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩების შეჯამებას.
პორტუმ წარმატება დაიმსახურა
გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტთან შეხვედრამდე “პორტუს” რეალურ ძალაზე საუბრისას ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთული იყო. ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიელებმა “შახტარი”, “ბილბაო” და ბატე დაამარცხეს, 1/8 ფინალში კი “ბაზელს” სძლიეს. ნათელია, რომ არც ერთი მათგანი გრანდი არ არის და კლუბის ძალის რეალურ საზომადაც არ გამოდგება. ბევრის აზრით “პორტუმ” 1/4 ფინალამდე სწორედ წილისყრის გამო მიაღწია.
თუმცა, “ბაიერნთან” შეხვედრამ აჩვენა, რომ ეს შეხედულება მცდარია. მიუხედავად იმისა, რომ წყვილში ჯერჯერობით არაფერი დასრულებულა და გუშინ “ბაიერნმა” მნიშვნელოვანი დანაკლისით ითამაშა, დღევანდელი “პორტუ” ნამდვილად კარგი გუნდია, რომელამაც 1/4 ფინალში ადგილი დაიმსახურა. “დრაკონებმა” მწვრთნელისგან მიღებული ტაქტიკური დავალება კარგად შეასრულეს და საკუთარი კოზირებიც გამოიყენეს, რაც დამსახურებული გამარჯვების საწინდარი გახდა.
მადრიდს ბრძოლა უყვარს
“ატლეტიკო” ტოპ-კლუბებიდან ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი გუნდია. რაც უფრო მნიშვნელოვანია მატჩი, მით უფრო მეტ ბრძლას ითხოვს დიეგო სიმეონე თავისი შეგირდებისგან.
მიუხედავად “ატლეტიკოს”ბოლო წლების წარმატებებისა, მოთამაშეთა ინდივიდუალური კლასით “რეალი” გაცილებით მაღალი დონის გუნდად რჩება. ასე რომ, პირველ ტაიმში მშვიდი თამაშის მცდელობა კრახით დასრულდა. კარგი რეალიზაციის შემთხვევაში “სამეფო კლუბს” მატჩის ბედის გადაწყვეტა სასტარტო 45 წუთში შეეძლო.
მეორე ნახევარი “ატლეტიკომ” სულ სხვა განწყობით დაიწყო. გაჩნდა სიმეონეს გუნდისთვის დამახასიათებელი ბრძოლა მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე, რამაც მატჩის სურათი საგრძნობლად შეცვალა. ასეთ თამაშში “ატლეტიკოს” “რეალიც” აჰყვა და მოედანზე ნამდვილი ბრძოლა გაიმართა, რაც ნათლად აისახა მარიო მანჯუკიჩის სახეზე.
ბარსელონა ვერც პარიზელებმა შეაჩერეს
შემოდგომაზე “ბარსელონას” პრობლემებიც ჰქონდა. კატალონიელებმა ზედიზედ ორი მარცხიც კი იწვნიეს. ერთ-ერთი გუნდი, რომელმაც ბარსელონური კლუბის წარუმატებელი პერიოდით ისარგებლა პსჟ იყო. ლორან ბლანის შეგირდებმა მაშინ საშინაო ასპარეზზე 3:2 სძლიეს სახელოვან მეტოქეს. მაგრამ, გუშინდელ შეხვედრაში პარიზელები სულ სხვა “ბარსელონას” შეხვდნენ და უშანსოდ დამარცხდნენ.
კატალონიელები საუცხოო ფორმაში არიან და პარკ დე პრენსზეც ბრძოლა არ შედგა. რა თქმა უნდა, ამაში მნიშვნელოვანი როლი მასპინძელთa ასაკადრო პრობლემებმაც ითამაშა. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ესპანელთა შემტევი ტრიოს მორიგი დიდებული მატჩი.
ბუფონი ჯერ კიდევ ბუფონია
როდესაც რომელიმე ცნობილი მოთამაშის ასაკი 30 წელს აღემატება, მაშინვე ჩნდება სავსებით ლოგიკური კითხვა – არის თუ არა ეს ფეხბურთელი ისეთივე კარგი, როგორიც ახალგაზრდულ წლებში იყო?
ბუნებრივია, რომ 37 წლის ბუფორნიც, რომელიც 19 წლის ასაკში მსოფლიოს საუკეთესო მეკარის დონეზე ასპარეზობდა, მსგავსი კითხვის ადრესატი ხდება.
იტალიის ჩემპიონატის მატჩებით ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგაბ ტურინელები იმდენად აღემატებიან თავიანთ მეტოქეებს, რომ ხშირ შემთხვევაში ჯიჯი საქმის გარეშე რჩება.
“მონაკოს” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გამოცდილმა კიპერმა ისე ითამაშა, რომ ყველაფერი ნათელი გახდა. რომ არა მეკარის საიმედო თამაში, “იუვენტუსს” გამარჯვების მოპოვება ან მინიმუმ კარის მშრალად შენახვა გაუჭირდებოდა.
ბაიერნი “ფრთების” გარეშე ვერ გაფრინდა
“ბაიერნში” გვარდიოლას მოსვლასთან ერთად საუბრები რობენისა და რიბერის წასვლის შესახებ საკმაოდ აქტუალური იყო. აშკარა ინდივიდუალისტები, ერთი შეხედვით, ესპანელი სპეციალისტის სათამაშო სტილს ვერ ერგებოდნენ. თუმცა ახლა, მათი ერთობლივი არყოფნის დროს, ნათლად გამოჩნდა, რომ მიუნხენელთა შემტევი პოტენციალი ძალიან დაბალი იყო.
“პორტუსთან” მსგავს რთულ შეხვედრებში რიბერი და რობენი თამაშს საკუთარ თავზე იღებდნენ და ხშირ შემთხვევაში სწორედ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე აღწევდნენ წარმატებას.
გვარდიოლა მატჩის წინ ამბობდა, რომ მისი გუნდისთვის სიტუაცია კრიტიკულია. გუშინდელმა შეხვედრამ კი დაამტკიცა, რომ ესპანელი არ ცდებოდა. დამტკიცდა ისიც, რომ მხოლოდ მყარი და ღონიერი ფეხებით და “ფრთების” გარეშე ვერ გაფრინდები.