შინ დაუმარცხებელ გურულებთან გასვლამდე
19 აპრილს ქუთაისის „ტორპედო“ მიმდინარე ეროვნული პირველობის 24-ე ტურის მატჩს ლანჩხუთში იქაურ საფეხბურთო კლუბ „გურიასთან“ გამართავს. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.
ამჟამად გურულები სატურნირო ცხრილში „ტორპედოს“ მეზობლად, მე-8 ადგილზე არიან და ქუთაისელებს ერთი ქულით უსწრებენ. „გურიას“ მთავარი მწვრთნელი 43 წლის თემურ ლორია გახლავთ. მისი ხელმძღვანელობით, ლანჩხუთელებს ერთი პოზიტიური სერია აქვთ. მათ მიმდინარე ჩემპიონატში შინ დღემდე არ წაუგიათ – 6 მოგება და 5 ფრე. ასეთი მოცემულობით, სავარაუდოა, რომ კვირას ორივე გუნდისთვის ძალზედ რთული მატჩი იქნება.
დისკვალიფიკაციის გამო ტრადიციული საფეხბურთო კლუბების დამდეგ პაექრობას ტორპედოელი გივი იოსელიანი დააკლდება.
„გურიასთან“ პირველი წრის შეხვედრა ქუთაისში მასპინძელთა ორბურთიანი უპირატესობის მიუხედავად, საბოლოოდ, ფრედ ანგარიშით 2:2 დასრულდა. მასპინძელთაგან დუბლი ოთარ კვერნაძემ შეასრულა. გთავაზობთ ამ მატჩის პროტოკოლს – http://www.fctorpedo.ge/index.php?geo&game=257.
რაც შეეხება ლანჩხუთელებთან არსებულ საერთო სტატისტიკას, პირველი დამოუკიდებელი ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების დღიდან ქუთაისური გუნდები(„ქუთაისი“, „ტორპედო“) ლანჩხუთის „გურიას“ სულ(ჩემპიონატში და თასზე) 37-ჯერ შეხვდნენ. აქედან 21 მატჩი ქუთაისელთა სასარგებლოდ დასრულდა, 10 – ლანჩხუთელთა, 6-ში კი გუნდებმა ქულები გაიყვეს. ბურთების შეფარდება იმერელთა სასარგებლოდაა – 80:45-ზე.
ყველაზე დიდი ანგარიშით „ტორპედოს“ უახლოესი მეტოქისთვის 1995 წელს – 5:0 აქვს მოგებული. „გურიამ“ კი ჩემპიონატში ასევე უდიდესი ანგარიშით, ორბურთიანი სხვაობით რამდენიმეჯერ მოგვიგო. აქვე ერთ საინტერესო შედეგზეც, 2005 წელს, ეროვნულ თასზე ქუთაისურ-ლანჩხუთური დუელი ფრედ, ანგარიშით 5:5 დასრულდა.
FCTorpedo.GE