კლოპი და „ბორუსია“ – დიდი ზღაპრის დასასრული
დორტმუნდის „ბორუსიამ“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ იურგენ კლოპის წასვლა დაადასტურა, თანაც ეს გადაწყვეტილება თავად მწვრთნელმა მიიღო.
გემრანელ სპეციალისტს „ბორუსიასთან“ კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს, რაც აქამდე მისი მხრიდან დიდ გეგმებზე მეტყველებს, თუმცა ახლა მან სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც პირველ რიგში, პატივისცემას იმსახურებს. თანაც, სად არის იმის გარანტია, რომ იურგენი დორტმუნდში არ გაახსენდებათ და რამდენიმე წლის შემდეგ ისევ არ მიიწვევენ? კლოპის აზრით, კლუბი მან იმიტომ დატოვა, რომ მის დონეს აღარ აკმაყოფილებდა.
სხვა მხვრივ, ისტორიას არაერთი მიზეზი ახსოვს, რომელზეც მწვრთნელები წასვლისას საჯაროდ არ საუბრობდნენ. იურგენმა ყველას მადლობა გადაუხადა, მაგრამ საეჭვოა, როცა ადამიანი, რომელმაც კლუბი ფეხზე დააყენა და საშალო დონის გუნდისგან გერმანიის ორგზის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი ჩამოაყალიბა, ამბობს, რომ მის დონეს აღარ აკმაყოფილებს. ეგრედ წოდებული „დონე“ „ბორუსიაში“ სწორედ მან ჩამოაყალიბა. დორტმუნდში გატარებულ შვიდ წელიწადში კლოპს გუნდთან ერთად როგორც რთული, ისე წარმატებული პერიოდი აქვს გადატანილი.
მიმდინარე სეზონმა დაადასტურა, რომ ახლანდელ გუნდს ზაფხულში ახალი სტრატეგიის შემუშავება სჭირდება, რადგან მისი საჩემპიონი მარაგი ამოიწურა და მას „ახალი ხილი“ სჭირდება. კლოპს, შეგვიძლია, ადამიანური თვალსაზრისითაც გავუგოთ – მუდმივი ტრავმები და ლიდერების დაკარგვა მის საქმიანობაზე ყოველდღე მოქმედებდა. არაერთი მიზეზის გამო მან დორტმუნდში გუნდის სწორად მართვის საშუალება დაკარგა.
როგორი იქნება იურგენს შემდეგი ნაბიჯი? კარგი იქნებოდა, თუ ის გვარდიოლას მსგავსად ერთი წლის განმავლობაში დაისვენებდა, თუმცა ასეთ სპეციალისტზე დიდი მოთხოვნა იქნება და, სავარაუდოდ, მას არც არავინ დაასცენებს. კლოპის გათავისუფლების სიახლის გაგების შემდეგ, შესაძლოა, ის კლუბებიც კი გააქტიურდნენ, რომლებიც მწვრთნელის შეცვლას არ გეგმავდნენ. ვინ იცის, იქნებ კლოპი „რეალმა“ ან „ბარსელონამაც“ კი მიიწვიონ.
მოკლედ, მისი მიზნის გაგება ადვილია: მას თავისი მაღალი კლასის დამტკიცება სურს, დორტმუნდში შეზღუდული რესურსებით კი ეს ვერ გამოვიდა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი პირიქითაა – „ბორუსია“ მისი დონის კლუბი აღარ არის და მას გაცილებით დიდი გუნდის მართლაც შეუძლია. ერთ-ერთი კარგი ვარიანტი კლოპისთვის „მანჩესტერ სიტი“ იქნებოდა, რომელმაც ბოლო-ბოლო ფინანსებსა და წარმატებებს შორის ბალანსი უნდა იპოვოს და ტურნირების მოგება დაიწყოს. ბუკმეკერები იურგენს სწორედ მანუელ პელეგრინის ადგილას სვამენ.
რაც შეეხება თავად „ბორუსიას“, კლუბი ცნობილ სპეციალისტს არ მოიყვანს. ფეხბურთელების მსგავსად, აქ მწვრთნელების აღზრდაც უყვართ. შესაძლო კანდიდატებს შორის ამჟამად ტომას ტუხელი სახელდება. სხვათაშორის, 41 წლის სპეციალისტის მსგავსად, კლოპი ასევე „მაინცს“ თავკაცობდა და დორტმუნდში სწორედ ასე მოხვდა. ტუხელი, რომლის თავკაცობითაც „მაინცი“ ბუნდესლიგის მეხუთე ადგილზეც კი იმყოფებოდა, გაცილებით დიდი მიზნების მქონე კლუბში სიამოვნებით იმუშავებდა. ახალი გამოწვევების დრო დადგა – ტუხელი უკეთესი პესპექტივისთვის მზად უნდა იყოს, კლოპი კი სამშობლოს უნდა გასცდეს. „ბორუსიას“ მან ყველაფერი მისცა, რისი მიცემაც შეეძლო, სერ ალექს ფერგიუსონებად კი მხოლოდ ერთხეულები იბადებიან, რომელთა შორისაც გერმანელი ნამდვილად არაა.
კლოპის მოღვაწეობა დორტმუნდში ჯერ არ დასრულებულა. „ბორუსიას“ გერმანიის თასის მოგებით და ევროპის ლიგაზე გასვლით იურგენისთვის საჩუქრის გაკეთება ჯერ კიდევ შეუძლია…