„საბურთალო“ უმაღლეს ლიგაში გავიდა
ხუთშაბათს პირველი ლიგის A ჯგუფის მორიგი მატჩები შედგა. ინტერესს ქუთაისში, ადგილობრივი „ტორპედოს“ ბაზაზე ჩასატარებელი მატჩი იწვევდა, რომელშიც ერთმანეთს „წყალტუბო“ და „საბურთალო“ უპირისპირებოდნენ. წინა შეხვედრაში „საბურთალომ“ შინ „სასკოსთან“ წააგო, არადა, გამარჯვების შემთხვევაში, გუნდი უმაღლესი ლიგის საგზურს გაინაღდებდა. ასეა თუ ისე, საბურთალოელები მიზანს ქუთაისში გამარჯვებითაც მიაღწევდნენ.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევრში სიტუაცია მხოლოდ მე-80 წუთზე შეიცვალა, როდესაც ერთადერთი გოლი საბურთალოელთა მხრიდან ანდრო სოფრომაძემ გაიტანა.
საბოლოოდ, 0:1 და „საბურთალომ“ 75 ქულა დააგროვა, რითაც მეორე ადგილზე მყოფ „ლაზიკას“ 15 ქულით გაუსწრო და შემდეგი სეზონისთვის უმაღლესი ლიგის საგზური გაინაღდა.
სხვა მატჩებიდან აღსანიშნავი სტუ-სა და ხარაგაულის „ჩხერიმელას“ შეხვედრა იყო. ამ ტურამდე ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი 29 ქულით გასავარდნ ზონაში იყო და მეცხრე ადგილზე მყოფ ხარაგაუელებს ერთი ქულით ჩამორჩებოდა. მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის თბილისელები კარგად მომზადებულან, რაც ანგარიშზეც აისახა – სტუ-მ ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა და პირველი ლიგის დასრულებამდე ხუთი ტურის ადრე გასავარდნ ზონას თავი დააღწია.
შემდეგ ტურში სტუ „მაჭახელას“ ეწვევა, ხოლო „ჩხერიმელა“ ნახსენებ „საბურთალოს“ მიიღებს.
სხვა მატჩების შედეგები:
A ჯგუფი:
„სასკო“ – „მაჭახელა“ 2:3
„ჭიათურა“ – „ადელი“ 4:1
„ლაზიკა“ – „ლოკომოტივი“ 2:0
რაც შეეხება B ჯგუფს, მისი მატჩები დღეს შედგება.