ვინ არის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრობის მთავარი კანდიდატი?
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის თემა ბოლო დღეებში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ პოსტი ლევან ყიფიანმა დატოვა, თავისი გადაწყვეტილება კი კოლეგებთან კონფლიქტის თავიდან აცილებით ახსნა.
ყიფიანის გადადგომისთანავე საზოგადოება არაერთ კანდიდატს განიხილავდა, საბოლოო გადაწყვეტილება კი უმრავლესობისთვის, სავარაუდოდ, მოულოდნელი აღმოჩნდა – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბშვილმა ხსენებულ პოსტზე ტარიელ ხეჩიკაშვილი დაასახელა, რომელიც რამდენიმე ბიზნესპროექტითაა ცნობილი.
პროფესიით სამართალმცოდნე საავტომობილო ჰოლდინგის “იბერია ბიზნეს ჯგუფის” პრეზიდენტი და დამფუძნებელია. ხეჩიკაშვილი ცნობილი სპორტში თავისი აქტიური მოღვაწეობითაცაა. პირველ რიგში, მას, როგორც საფეხბურთო კლუბს „საბურთალოს“ დამფუძნებელს იცნობენ. „საბურთალომ“ ბოლო წლებში მართლაც დიდ პროგრესს მიაღწია – კლუბის ბავშვთა აკადემია თავის ფუნქციას კარგად ასრულებს, ერთი კვირის წინ კი ძირითადი გუნდი პირველი ლიგის გამარჯვებული გახდა, შესაბამისად, შემდეგ სეზონში უმაღლეს ლიგაში ითამაშებს.
ამასთანავე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მუზეუმის აღდგენაში მან დიდი წვლილი შეიტანა. გარდა ამისა, სხვადასხვა პერიოდში ხეჩიკაშვილმა რაგბი, ჩოგბურთი და ძალოსნობა დააფინანსა.
ამ ყველაფრის შესახებ სწორედ ის ხალხი საუბრობს, რომელმაც მედიასთან ხეჩიკაშვილის დანიშვნა შეაფასა. თუმცა, ამჟამად აზრები ორად გაიყო და ამ გადაწყვეტილებას ასპროცენტიანი დადებით შეფასება არ მოჰყოლია. აღსანიშნავია რამდენიმე სპორტული ფედერაციის პრეზიდენტის შეფასება, რომელიც ხეჩიკაშვილის შესაძლო დანიშვნით კმაყოფილია.
როგორც თავად აცხადებს, პოსტის შეთავაზება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, მინისტრობას კი სამშობლოსა და სპორტის სიყვარულის გამო დათანხმდება. მედიასთან საუბრისას ხეჩიკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ თავის პროგრამას საზოგადოებას დაწვრილებით შემდეგ კვირას გააცნობს.
დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, ხეჩიკაშვილმა კერძო სექტორს სპორტის დაფინანსებაში ხელი უნდა შეუწყოს. შესაძლოა, მის მთავარ კანდიდატად დასახელებაში დიდი როლი სწორედ ამ ფაქტორმა ითამაშა.