სანახაობირივი და უხვგოლიანი დაპირისპირება დინამო არენაზე
დღეს, “დინამო არენაზე” უმაღლესი ლიგის 26-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თბილისის “დინამომ” ქუტაისის “ტორპედოს” უმასპინძა და დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 დაამარცხა.
შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო, რაც მე-10 წუთზე გოლით დასრულდა. მარჯვენა ფლაგნიდან კლიმიაშვილის მოწოდებულ კუთხურს გურამ ადამაძე გამოეხმაურა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1.
მე-13 წუთზე მასპინძლებმა პირველი საგოლე მომენტი შექმნეს. პრისპირ გასულ მანუელ ონვუს შეყრილაძემ დაასწრო, თუმცა საჯარიმოს მისადგომებთან ქუთაისელებმა თამაშის წესი დაარღვიეს და “დინამოს” სახიფათო ჯარიმის შესრულების საშუალება მიეცა. თოთაძის დარტყმა ცოცხალ კედელში კლიმიაშვილს ხელზე მოხვდა, თუმცა მთავარმა არბიტრმა, ლევან კვარაცხელიამ თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, მეორე ტაიმში ხელით თამაშის დაფიქსირებას ქუთაისელებიც ითხოვდნენ.
მე-18 წუთზე პაპუნაშვილის მოწოდებულ სტანდარტს თავით თოთაძე გამოეხმაურა, მაგრამ დინამოელთა კაპიტნის დარტყმას ქუთაისელი მცველები გადაეღობნენ. თბილისელები ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ და მეტოქეს დიდი ძალებით უტევდნენ, რაც ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ლოგიკური გოლით დასრულდა. პაპუნაშვილის წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა დაახლოებით 30 მეტრიდან ლაშა თოთაძემ გოლად აქცია – 1:1. გატანილი გოლის შედმეგ “დინამოს” მალევე დაწინაურება შეეძლო, თუმცა ცინცაძის დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა.
ტაიმის ბოლო წუთზე კი გატანა “ტორპედოს” შეეძლო, როდესაც პირისპირ გასულ ბუდუ ზივზივაძეის დარტყმა დაუშვილმა ფეხით მოიგერია და პირველი ნახევარი ფრედ დასრუკდა.
შესვენების შემდეგ თამაში “დინამოს” სახიფათო მომენტით განახლდა. მარჯვენა ფლანგიდან პაპუნაშვილის დარტყმა შეყრილაძის კარს მცირე მანძილით ასცდა. 50-ე წუთზე კი მასპინძები ლამაზი კომბინაციის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა იმავე პაპუნაშვილმა დააწინაურა.
55-ე წუთზე ტაბატაძის პასით გატანა კიტეიშვილს შეეძლო, თუმცა ახალგაზრდა დინამოელის მცდელობა არაზუსტი აღმოჩნდა. ამ ეპიზოდის შემდეგ მატჩის ტემპი დაეცა და მოედანზე თითქმის 20 წუთის განმავლობაში საინტერესო არაფერი მომხდარა. 76-ე წუთზე კი “ტორპედომ” ანგარიშის გათანაბრება შეძლო. მარცხენა ფრთიდან ქუთაისელთა შეტევას საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა და შეცვლაზე შესულმა კვარაცხელიამ თოთაძესთან ორთაბრძოლაში თავური დარტყმით შეძლო გოლის გატანა – 2:2.
83-ე წუთზე თოთაძის უხეში შეცდომის შემდეგ “ტორპედოს” შეეძლო დაწინაურება, მაგრამ კირკიტაძის დარტყმა კარს მცირე მანძლით ასცდა. “დინამომ” მეტოქეს ჭანტურიშვილის სახიფათო დარტყმით უპასუხა, რომელიც ასევე არაზუსტი გამოდგა. თბილისელთა შემდეგი შეტევა კი შედეგიანი აღმოჩნდა. შერგელაშვილის ჩაწოდებას საჯარიმოში შეჭრილი ჯიღაური გამოეხმაურა და 86-ე წუთზე საბოლოო ანგარიში, 3:2 დააფიქსირა.
დინამო თბილისი 3-2 ტორპედო ქუთაისი
გოლები: ადამაძე 10′ (0:1): თოთაძე 40′ (1:1); პაპუნაშვილი 50′ (2:1); კვარაცხელია 76′ (2:2); ჯიღაური 86′ (3:2);
დინამო: დაუშვილი, ტაბატაძე, თოთაძე, რენე ფერეირა, შერგელაშვილი, ცინცაძე, ლობჟანიძე (ჯიღური 69′) , პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (ჩირგაძე 80′), ჭანტურიშვილი, ონვუ (ბუკორაცი 75′).
მთავარი მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
ტორპედო: შეყრილაძე, იოსელიან, ზივზავაძე, მამასახლისი, ტუღუში (ბაბუნაშვილი73′) , ჭელიძე, ქიმაძე, კირკიტაძე, კლიმიაშვილი (კვარაცხელია 6 1′), მირცხულავა (პუხაევი 57′) , ადამაძე.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია