ლოკომოტივი ფინალშია
დღეს, 2 მაისს, რუსთავის სარაგბო სტადიონზე უმაღლესი ლიგის 2014/15 წლის სეზონის წინასწარ (მცირე) ფინალში (პლეი’ოფის მე-3 ტური) დიდი ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ბოლნისის ყოჩები და თბილისის ლოკომოტივი ერკინენ. ლოკომოტივმა ორჯერ მოახერხა თამაშის შემობრუნება და საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში 23:16 (10:6) გაიმარჯვა
მატჩის პერიპეტიები
მე-2 წუთზე ყოჩები რაქში დაჯარიმდნენ. ლოკომოტივის ფულბექმა, ბექა წიკლაურმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში 0:3.
2 წუთში შერკინებაში ლოკომოტივი დაჯარიმდა და ყოჩების მგეზავმა, თემო სოხაძემ მეტოქეს იგივეთი უპასუხა 3:3.
ამის შემდეგ, მატჩის 21-ე წუთამდე, ანგარიში აღარ შეცვლილა და ეს პერიოდი მატჩის პირველი ლელოს მომწიფებისთვის ყოფილა საჭირო: იგი დიმიტრი კალანდაძემ დადო, ხოლო ზუსტი გარდასახვა ბექა წიკლაურმა მიაყოლა 3:10.
29-ე წუთზე ნომინალურმა მასპინძლებმა სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს მას შემდეგ, რაც თემო სოხაძემ ზუსტი ჯარიმით ანგარიში 6:10 გახადა. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა
პირველი ნახევრის დასაწყისისა არ იყოს, მეორე ნახევარშიც ანგარიში ‘შეკვეთილივით“ მე-2 წუთზე შეიცვალა – ყოჩებმა მეტოქეს მარჯვენა ფრთიდან შეუტიეს, ზედ ლელოს ხაზზე ნიკა ჩხიკვაძემ დავით ხიდეშელს ოფლოუდით გაატანაბურთი, ხოლო ყოჩების კვაჭს დამიწება აღარ გასჭირვებია. ლელოს სოხაძემ ზუსტი გარდასახვაც მიაყოლა და გუნდი წინ გაიყვანა 13:10.
8 წუთში სოხაძემ ცენტრიდან შესრულებული ჯარიმით ყოჩები კიდევ 3 ქულით წინ წაწია 16:10.
ამის შემდეგ ლოკომოტივის ჯერი დადგა. ბექა წიკლაურმა მეორე ტაიმის მე-16 და 37-ე წუთებზე გატანილი ჯარიმებით გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ ამით საქმე არ დაასრულა და შეხვედრის ბოლო წუთზე გამარჯვების ლელო დადო, რომელიც თვითონ გარდასახა 16:23
9 მაისს დიდ ფინალში
ამრიგად, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დიდ ფინალში თბილისის კლუბები: ლელო სარასენსი და ლოკომოტივი შეერკინებიან ერთმანეთს.
მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე, 9 მაისს, 16 საათზე გაიმართება. ფინალზე დასწრება მუქთია.
ქართული რაგბის ქომაგებს გელით დიდ ფინალზე.
რაგბი ჩვენი თამაშია!!!
Rugby.GE