„ნაპოლიმ“ ათკაციან „მილანს“ სამი უპასუხო გოლი გაუტანა
იტალიის სერია ა-ს 34-ე ტურში „მილანი“ „ნაპოლის“ ეწვია. პირველ წრეში, ამ გუნდების დაპირისპირება „როსონერის“ გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. სატურნირო თვალსაზრისით, მესამე ადგილისთვის მებრძოლ რაფაელ ბენიტესის გუნდს 3 ქულა ძალიან სჭირდებოდა, მოგების შემთხვევაში, ნეაპოლიტანელები „ლაციოს“ 4 ქულით მიუახლოვდებოდნენ.
შეხვედრა „ნაპოლის“ დაიწყო – უკვე პირველ წუთზე საკუთარ საჯარიმოში მეტოქის წაქცევისთვის მსაჯმა მატია დე შილიო გააძევა და დიეგო ლოპესის კარის მიმართლებით პენალტი დანიშნა, რომელიც გონსალო იგუუაინმა შეასრულა, თუმცა „როსონერის“ მეკარემ მისი მოგერიება მოახერხა. პირველ ნახევარში ნეაპოლიტანელებს ანგარიშის გახსნის სხვა არაერთი შანსი ჰქონდათ, თუმცა მათ გამოყენებას ზოგჯერ დიეგო ლოპესის საიმედო თამაშის, ზოგჯერ კი უბრლალო უიღბლობის გამო ვერ ახერხებდნენ. პირველი 45 წუთი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ნახევრის პირველ ოც წუთში „მილანი“ მეტოქის შეტევებს კვლავ უძლებდა, შეტევაში კი კვლავ ვერ გამოირჩეოდა. ერთ-ერთ ეპიზოდში იგუაინის დარტყმა ძელს მოხვდა. 70-ე წუთიდან 76-ე წუთამდე კი მასპინძლებმა მეტოქეს სამი გოლი გაუტანეს – ანგარიში მარეკ ჰამშიკმა გახსნა, თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე კი გონსალო იგუაინმა გაზარდა. წერტილი მანოლო გაბიადინიმ დასვა.