რუსთავი სერიაში 2:0 დაწინაურდა, ქუთაისში კი ბათუმმა იმარჯვა
რეგიონებში მეოთხედფინალური სერიების მატჩები საინტერესო და დაძაბულ ბრძოლებით აღინიშნა. რუსთავში „ოლიმმა“ დამატებით დროში წააგო, ხოლო „ქუთაისმა“ სერიის პირველ მატჩში შინ „ბათუმთან“ შეხვედრა 75:78 დათმო.
რუსთავში დრამატულ და საინტერესო ბროლაში გაილია ძირითადი 40 წუთი. „ოლიმპი“ მესამე პერიოდში 13 ქულას აგებდა, თუმცა ბოლო წუთებზე ლიდერობის მოპოვებაც მოახერხა და როცა ძირითადი დრო ფრედ – 72:72 დასრულდა, მოგების კარგი შანსი ჰქონდა.
საქმე იმაში გახლდათ, რომ 5 პერსონალურის გამო რუსთაველებს გუნდის 3 წამყვანი მოთამაშე აკლდათ. მიხეილ ჭოჭუამ, ტერენს ოგლზბიმ და ქაქუცა აბაიშვილმა მოედანი დატოვეს, რაც ოვერტაიმში წარმატების შანსს ოლიმპს უზრდიდა. რუსთავ ელებმა მოედანზე რეზო ჩაჩანიძე შეუშვეს, რომელსაც ძირითად 40-წუთეულში არ უთამაშია. ჩაჩანიძემ მიჯრით 11 ქულა მიითვალა – მან 3 ორქულიანი, 1 სამიანი და 2 საჯარიმო ზედიზედ ჩააგდო და „რუსთავმა“ ოვერტაიმის 13:0 მოგებით შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა – 85:72.
„რუსთავის“ შემადგენლობაში 22 ქულით ბომბარდირი მიხეილ ჭოჭუა გახდა. ლევან ცეკვავამ 15 ქულა დააგროვა, 14 ტენერნს ოგლზბის ანგარიშზეა, ხოლო აკაკი დვალიშვილმა ორმაგი დუბლი – 14 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. „ოლიმპში“ 17 ქულით და 17 მოხსნით საუკეთესო შედეგი მარკო დუიკოვიჩს ჰქონდა. ნოდარ გოგოძის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა.
სერიაში რუსთავე;ები 2:0 დაწინაურდნენ, მორიგი მატჩი კი 8 მაისს თბილისში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
მიხეილ ბერუაშვილი, „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი:
„ვულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას. ძალიან დაძაბული და აინტერესო მატჩი გამოდგა. დამატებით დროში ჩვენმა გუნდმა მეტი შემართება გამოავლინა და ამ გამარჯვების წყალობით სერიაში 2:0 დავწინაურდით. ვეცდებით, სერია ჩვენს სასარგებლოდ თბილისში დავსრულოთ“.
გია კაზანჯიანი, „ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი:
„კარგი მატჩი გამოვიდა. დამატებით დროში ვერ მოვახერხეთ მობილიზება. ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას და თბილისში დიდ ბრძოლას ვპირდებით“.