რობინიომ “მილანთან” კონტრაქტი გაწყვიტა
ბრაზილიური სატელევიზიო არხი “გლობო” იუწყება, რომ რობინიომ “მილანთან” კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.
ბრაზილიელი თავდამსხმელი “სანტოსში” 2014 წლიდან იჯარის წესით თამაშობს. ფეხბურთელს “როსონერისთან” კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისს ეწურებოდა.
გუშინ იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “სანტოსი” მზად იყო, რობინიოს სანაცვლოდ “მილანისთვის” ახალგაზრდა ფეხბურთელი გაბრიელ ბარბოსა შეეთავაზებინა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს საჭირო აღარ გახდა, ვინაიდან მხარეებმა შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. რობინიოსთვის ხელფასის 40 პროცენტის გადახდა სწორედ “მილანს” უწევდა, რაც ნამდვილად არ შედიოდა კლუბის ინტერესებში.
ახლა 31 წლის ბრაზილიელ თავდამსხმელს “სანტოსთან” სრულუფლებიანი კონტრაქტის გაფორმება შეუძლია.
რობინიომ “სანტოსის” რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა.