დელ პიერო: “რომელია უკეთესი — მესი თუ რონალდუ?”
ტურინის “იუვენტუსის” ყოფილ თავდამსხმელ ალესანდრო დელ პიეროს “ბარსელონას” ლიდერის ლიონელ მესისა და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს ერთმანეთთან შედარება სთხოვეს. 40 წლის ფეხბურთელის აზრით, ამ ორ მოთამაშეს შორის არსებული კონკურენცია მათ განვითარების საშუალებას აძლევს.
“მესისა და რონალდუს შორის არსებული მეტოქეობა ორივე ფეხბურთელს პროგრესის საშუალებას აძლევს. ისინი არიან იმ კატეგორიის სპორტსმენები, რომლებიც პირველობისთვის იბრძვიან, როგორც ჯონ მაკინროი და ბიორნ ბორგი ან როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი.
არ მინდა იმაზე საუბარი, თუ ვინ არის უკეთესი. ეს იმას ჰგავს, რომ გეკითხებიან – დედა უფრო გიყვარს თუ მამა”, – დელ პიეროს კომენტარი ესპანურმა გამოცემა “ასმა” გამოაქვეყნა.