ქუთაისი სოხუმთან სერიაში დაწინაურდა
სუპერლიგაში შესანარჩუნებელი საკვალიფიკაციო მატჩები დაიწყო „ქუთაისისა“ და „სოხუმის“ წყვილშიც. მეოთხედფინალიდან გავარდნილი ეს გუნდები ერთმანეთში საუკეთესოს 2 მოგებამდე მიმდინარე სერიაში გაარკვევენ და გამარჯვებული მე-5 ადგილისთვის სერიაში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს.
მე-5 ადგილისთვის სერიაში უკვე გასულია „მგზავრები-არმია“, რომელმაც „ოლიმპს“ 2 მატჩის ჯამში სძლია. ქუთაისელებმა ნახევარი საქმე უკვე გააკეთეს და „სოხუმს“ შინ 25 ქულით – 79:54 მოუგეს. მხოლოდ პირველ მეოთხედში იყო დაძაბული თამაში, რომელიც სოხუმელებმა 13:11 მოიგეს. მეორე პერიოდიდან მასპინძლებმა თამაშზე სრული კონტროლი დააწესეს და დარჩენილ დროში უპირატესობას პერმანენტულად ზრდიდნენ.
საბოლოოდ „ქუთაისმა“ იოლ გამარჯვებას მიაღწია და სერიაში 1:0 დაწინაურდა. მასპინძელთაგან 21 ქულით და 8 პასით ზაურ ფაშაევი გამოირჩა. 15 ქულა დააგროვა ლევან გრძელიძემ, ხოლო ბუბა კვიმსაძემ შეხვედრა 10 ქულით დაასრულა. სოხუმელთაგან 14 ქულით საუკეთესო ირაკლი ჩლაიძე გახლდათ, 11 ქულა და 12 მოხსნით დაასრულა შეხვედრა გიორგი ჯგერენაიამ.
სერიის მეორე მატჩი თბილისში, საკალათბურთო აკადემიაში, 17 მაისს გაიმართება.