რატომ არ იღებს პლატინი ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას?
უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ფიფას მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა, რომელიც 29 მაისს ჩატარდება.
— გსურთ, რომ პრეზიდენტად კვლავ ზეპ ბლატერი აირჩიონ?
— უკვე დიდი ხანია ვამბობ, რომ ფიფას ახალი პრეზიდენტი სჭირდება. წინა არჩევნებზე მხარი ბლატერს დავუჭირე, თუმცა ახლა ამას აღარ ვიზამ. ფიფას სუფთა ჰაერი სჭირდება.
— თუ ასეა, თავად თქვენ რატომ არ იღებთ მონაწილეობას არჩევნებში?
— მე ფიფასა და უეფას შორის არჩევანი უნდა გამეკეთებინა. უეფა ავირჩიე. ეს ევროპული ფეხბურთია, აქ საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ, საუკეთესო საკლუბო ჩემპიონატები ტარდება. თავს ფეხბურთში უფრო კარგად ვგრძნობ, ვიდრე პოლიტიკაში.
— ფიფაში მართლაც არის კორუფცია?
— სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ამ თემის გარშემო ბევრი ხმაურია. სამწუხაროდ, ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. შესაძლოა, ეს ყველაფერი სიმართლეც იყოს. თუ აღმოჩნდება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად ყატარის არჩევის დროს რაღაც ისე არ მოხდა, მაშინ ტურნირის მასპინძელი ხელახლა უნდა ავირჩიოთ.