აკაკი გოგია “ბრენტფორდში” ითამაშებს
საქართველოში დაბადებული აკაკი გოგია ზაფხულიდან ინგლისში, “ბრენტფორდის” ღირსებას დაიცავს.
როგორც “ბრენტფორდის” ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, გოგიას ივლისში გერმანიის მესამე ბუნდესლიგის ბინადარ “ჰალეშერთან” კონტრაქტის ვადა ამოეწურება და ის თავისუფალი აგენტი გახდება. შესაბამისად, ინგლისელებიც 23 წლის ფეხბურთელს უფასოდ დაიმატებენ.
შეგახსენებთ, რომ გოგია რუსთავშია დაბადებული. ის 2004 წლიდან “ვოლფსბურგში” ირიცხებოდა, 2011 წელს კი იჯარით “აუგსბურგშიც” იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ მას გერმანიის 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებშიც უთამაშია. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არის იმის შანსი, რომ გოგიამ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურიც მოირგოს.
ცნობისთვის, “ბრენტფორდი” ინგლისის ჩემპიონშიპში ასპარეზობს და მიმდინარე სეზონში, ჩემპიონატის ცხრილში მეხუთე პოზიცია დაიკავა.