მგზავრები-არმიამ სუპერლიგა მე-5 ადგილზე დაასრულა
სუპერლიგის მე-5 ადგილის მფლობელი „მგზავრები-არმია“ გახდა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს ქუთაისში ადგილობრივი გუნდი 92:90 დაამარცხა და ჩემპიონატში საპატიო მე-5 ადგილი დაიკავა. შარშანდელი ფინალისტი და ვერცხლის პრიზიორი „ქუთაისი“ კი მე-6 ადგილს დასჯერდა.
ბერიშვილის გუნდმა გმირული გამარჯვება მოიპოვა, რადგან თამაშის მსვლელობისას არმიელები 22 ქულით ჩამორჩებოდნენ. ქუთაისელთა ყველაზე დიდი ლიდერობა მეორე მეოთხედის მე-4 წუთისთვის დაფიქსირდა, როცა მასპინძლები 46:24 იგებდნენ.
მესამე მეოთხედის მეორე წუთზე კი კვლავ ქუთაისელებს ჰქონდათ სოლიდური ლიდერობა – 64:44, რის შემდეგაც სტუმართა ჯერიც დადგა. „მგზავრები-არმიამ“ მესამე პერიოდი 22:18 მოიგო და გადამწყვეტ მეოთხედს 8 ქულიანი დეფიციტით შეხვდა. არმიელები გუნდურად თამაშობდნენ, რაც გახდა კიდეც თამაშის შემობრუნების მიზეზი.
ქუთაისელებს აკლდათ სლოვენიელი ლეგიონერი მირზა სარალია, ასევე, აზერბაიჯანელი ზაურ ფაშაევი, რის გამოც 4 მოთამაშეს – ანატოლი ბოისას, დავით ბარბაქაძეს, ვახტანგ ქადარიას და ლევან გრძელიძეს შეუცვლელად მოუწიათ თამაში. ეს დაეტყო ქუთაისელთა თამაშის ხარისხს, მასპინძლები გადაიღალნენ და გადამწყვეტ მეოთხედში „მგზავრები-არმიამ“ მატჩის მოგება მოახერხა.
საბოლოოდ, არმიელებმა 92:90 იმარჯვეს და როგორც თავში ვთქვით, სუპერლიგა მე-5 ადგილზე დაასრულეს. თბილისურ გუნდში ექვსმა მოთამაშემ 10-ქულიან ზღვარს მიაღწია, რომელთაგან ყველაზე მეტი – 16 ქულა დავით იოსელიანის ანგარიშზეა. 15-15 ქულა მიითვალეს რევაზ ათანელიშვილმა და კახა ჯინჭარაძემ, 13-13 ტატო ჩაჩიბაიამ და დავით მაისურაძემ. “ქუთაისში“ 29 ქულით ბომბარდირი გახდა დავით ბარბაქაძე, ხოლო ვახტანგ ქადარიამ თავი 20 ქულას და 23 მოხსნას მოუყარა.
7-8 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო სერია, რომელიც 2 მოგებამდე გრძელდება, სტარტს 22 მაისს, ფინალურ სერიასთან ერთად აიღებს.