საბანაძე: “ტრავმებმა ჩემს კარიერულ წინსვლას დაღი დაასვა”
დასრულდა სეზონი და ერთმანეთს დაშორდნენ ნიკა საბანაძე და ქუთაისის “ტორპედო”. ამ საკითხთან დაკავშირებით ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა და რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.
– გამარჯობა ნიკა. როგორ მიდის შენი ტრავმის რეაბილიტაციის პროცესი და რამდენ ხანში დაუბრუნდები მოედანს?
– რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს. ტრავმა ძალიან უხერხულ ადგილას მივიღე და იგი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, რამაც ჩემს კარიერაზე ცუდად იმოქმედა. დიდი ხანი გამიცდა, თანაც, ეს ყველაფერი სეზონის ბოლოს მოხდა. ნელ-ნელა ფეხის პრობლემა უმჯობესდება და სულ მალე, მინდორზეც მთელი შემართებით დავბრუნდები.
– მოდი, ორიოდე სიტყვით საქართველოს ჩემპიონატზეც ვისაუბროთ. ჩემპიონი გორის “დილა” გახდა, ტურნირის ისტორიაში პირველად. რას იტყვი ამ ფაქტთან დაკავშირებით და როგორ გგონია, ევროასპარეზზე წარადგენენ საქართველოს ღირსეულად?
– პირველ რიგში, მივულოცავ გორელ ფეხბურთელებს და მთელ გუნდს ჩემპიონობას და მინდა, ევროასპარეზზე წარმატებები ვუსურვო. წელს ისინი ნამდვილად იმსახურებდნენ გამარჯვებას. დიდი იმედი მაქვს, საქართველოს ევროასპარეზზე წარმატებულად წარადგენენ.
– ახლა “ტორპედოს” ვისაუბროთ. გუნდი ევროზონის გარეთ მოხვდა და ქუთათურთა გულშემატკივრები კვლავ მომდევნო სეზონში გაბრწყინების იმედზე არიან. შენი აზრით, რამდენად მოახერხებს ქუთაისური კლუბი იმედების გამართლებას, გაძლიერდება თუ არა შემადგენლობა ახალი ფეხბურთელებით და რა იქნება გუნდის მიზანი მომდევნო წლისთვის?
– მე “ტორპედოში” აღარ ვარ. კონტრაქტის ვადა ამოიწურა და ჩვენი თანამშრომლობაც მორჩა. მთელი გულით ვუსურვებ წარმატებებს ქუთაისლებს.
– არის თუ არა შემოთავაზება სხვა გუნდებისგან და რა ეტაპზეა ამჟამად შენი საფეხბურთო, კარიერული ეტაპი?
– ახლა, ჩემი აზრით, ასაკის მიხედვით სათამაშო ფორმის პიკში უნდა ვიყო, მაგრამ ტრავმებმა ჩემს კარიერულ წინსვლას დაღი დაასვა. საერთოდ არავინ შემმხმიანებია. არ ვიცი რა იქნება მომავალში და სად გაგრძელდება ჩემი საფეხბურთო ცხოვრება.