პლატინი: “დღეს ბლატერს გადადგომა ვთხოვე, მან კი მიპასუხა…”
უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი დღეს ფიფას ხელმძღვანელ იოზეფ ბლატერს პირისპირ შეხვდა. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს 14 პირი კორუფციულ მაქინაციებში ამხილეს. უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში ფიფას გარშემო დიდი სკანდალია, ხვალ კი ორგანიზაციის საპრეზიდენტო არჩევნებია.
მიშელ პლატინიმ ზეპ ბლატერთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.
“მიყვარს ფიფა, პატივს ვცემ მის ისტორიას, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ყველანაირ საზღვარს ცდება.
ბლატერს ვუთხარი: “ზეპ, ჩვენ ერთად ვმუშაობდით და ერთად გავიმარჯვეთ, მაგრამ დღეს მე შენ გადადგომას გთხოვ”.
მან მიპასუხა: “მიშელ, ჩვენ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, მაგრამ დღეს გადადგომა უკვე ძალიან დაგვიანებული იქნება, ვერ გადავდგები, კონგრესამდე ერთი დღე დარჩა”.
ზეპს გადადგომა ვთხოვე იმიტომ, რომ მან ფიფას იმიჯს დიდი ზიანი მიაყენა. რთულია, მეგობარს უთხრა, რომ ის უნდა წავიდეს, თუმცა რეალობა ასეთია. ძალიან სამწუხაროა. ფიფა უკვე ბევრმა სკანდალმა მოიცვა.
მე მას ვუთხარი: “ზეპ, ჩვენ ბევრს გვაკრიტიკებენ”. მან კი მიპასუხა: “არც ისე ბევრს, როგორც – მე”, – პლატინის კომენტარს Get French Football News-ი აქვეყნებს.
მიშელ პლატინის თქმით, უეფას წევრ ქვეყანათა უმეტესობა ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს იორდანიის პრინც ალი ბინ ალ ჰუსეინს მისცემს ხმას. როგორც ცნობილია, საქართველოც იორდანელს უჭერს მხარს.
“პრინცი ალი პრინცია და ის ფულით არ დაინტერესდება”, – აღნიშნა უეფას ხელმძღვანელმა.
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტად კვლავ ზეპ ბლატერის არჩევის შემთხვევაში, მიშელ პლატინი არ გამორიცხავს, რომ უეფა ფიფას გამოეყოს.
შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 29 მაისს გაიმართება.