დევდარიანი: „სამწუხაროდ, ზარანდია ვერ გაიზარდა“
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ელიტრაუნდის მეორე მატჩი შეაფასა, რომელშიც მისი გუნდი პორტუგალიასთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა.
„საყურებლად ძალიან საინტერესო თამაში გამოვიდა. ყველა დაიღალა იმ ფრაზით, რომ კარგად ვითამაშეთ და დავმარცხდით, თუმცა დღეს ჩვენი შტაბის მიერ გაწეული სამუშაოთი და ფეხბურთელების მეირ ნაჩვენები თამაშით ამაყი ვარ. პორტუგალია და ესპანეთი თავის ასაკში საუკეთესო გუნდები არიან. ჩვენი ჩემპიონატის ტემპის გათვალისწინებით, ბოლო თხუთმეტ წუთში სათამაშოდ მზად არ ვართ, რაზეც წინა თამაშის შემდეგაც და იქამდეც ვისაუბრე.
ყველა ცვლილება იძულებითი გამოგვივიდა – სამივე მოთამაშე მოედნიდან დაღლილობის გამო გავიყვანე. ვთვლი, რომ პრობლემა სწორედ ამაშია – ჩვენ დავიღალეეთ.
ამ ასაკში თუკი ვინმე ნიჭიერი იყო, შანსი და თამაშის საშუალება მივეცი. ჩემი აზრით, ამით ეროვნულ ნაკრებსაც დავეხმარეთ, რადგან პიროვნული და საფეხბურთო თვისებების დახმარებით, ამ ფეხბურთელებს შორის მთავარ გუნდში თამაში ბევრს შეუძლია. ჩემი მთავარი მიზანი სწორედ ეს არის. რა თქმა უნდა, შედეგიც მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო პრიორიტეტული ამ ბიჭების სწორ გზაზე დაყენებაა.
ზარანდია პირველ თამაშშიც დისკვალიფიკაციის გამო გვაკლდა. შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში მან უაზრო ყვითელი ბარათი მიიღო. ესპანეთთან მისი ყოფნის შემთხვევაში, ვფიქრობ, სულ სხვა შედეგს მივიღებდით. ის თურქეთთანაც დაგვაკლდება. სამწუხაროდ, ის ვერ გაიზარდა. იმედია, ეს მალე შეიცვლება“, – განაცხადა დევდარიანმა.