მარცხი, სიახლეები და იმედი
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით მესამე შეხვედრა გამართა. ჯვაროსნების მეტოქე უკრაინის საკმაოდ ძლიერი ნაკრები იყო, რომელიც უკრაინული გრანდების მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, რაც საკმაოდ დიდ ძალას წარმოადგენს.
ცხადაძისთვის მესამე მატჩში უკვე ნათლად გამოჩნდა ის სურათი, რის მიღწევასაც ცდილობს ნაკრებში ახალი თავკაცი. ჯვაროსნები სწრაფი, კომბინაციური და აგრესიული ფეხბურთის თამაშს ცდილობდნენ და რიგ შემთხვევებში ეს გამოსდიოდათ კიდეც.
საქართველოს ნაკრები მატჩს სიახლეებით შეხვდა და პირველი რა თქმა უნდა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციას ეხებოდა, რომელიც ჯაბა კანკავას არყოფნის პირობებში ჯანო ანანიძემ დაიკავა. ჯანოსთვის ეს პოზიცია ცოტა უცხო იყო, თუმცა მთლიანობაში “სპარტაკის” ნახევარმცველს ცუდად არ უთამაშია.
მთავარი სიახლე კი გუნდის სათამაშო სტილს ეხებოდა. ცხადაძის დავალებით გუნდი სწრაფი და კომბინაციური თამაშით ცდილობდა შედეგის მიღწევას. აქაც გადამწყვეტი ჯანოს ახალი პოზიცია იყო, რაც ნახევარდაცვას უფრო დინამიურს და მოძრავს ხდიდა. ნახევარდაცვის აქტიურ ცენტრს ფლანგებიდან ნავალოვსკი და ლობჟანიძე ეხმარებოდნენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უჩას გუშინდელი თამაში ნამდვილად ტოვებდა უკეთესის სურვილს… ისევე როგორც ბაჩანა ცხადაძის მოქმედებები, რომელსაც პირველ ტაიმში ფაქტობრივად არაფერი ღირებული არ შეუქმნია და რიგ ეპიზოდებში კარგი შეტევი განხორციელების შანსიც გაუშვა ხელიდან.
მიუხედავად მინუსებისა, საერთო ჯამში პირველი ტაიმი ჩვენი გუნდის შესრულებით საკმაოდ კარგი იყო. მართალია, კომბინაციური თამაში მეტოქის საჯარიმოსთან აღარ გამოგვდიოდა, მაგრამ აქ უკვე ქართველები ინდივიდუალური ოსტატობით ცდილობდნენ ხიფათის შემქნას და რამდენჯერმე ეს გამოუვიდათ კიდეც. შესვენების შედმეგ, თუ ლევან ყენიას მომენტს არ ჩავთვლით, პირველი ოცი წუთი ქართველებმა ფაქტობრივად ჩააგდეს, უაზრო შეცდომები დაუშვეს და თანაბარ თამაშში მეტოქეს ორბურთიანი უპირატესობა აჩუქეს. თუმცა, ცხადაძის გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბიჭებმა გონს მოსვლა შეძლეს, სხვაობა შეამცირეს და ბოლოს რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს და შეხვედრის დასკვნითი ნაწილი ნორმალურად ჩაატარეს.
გუშინდელი შეხვედრის შემდეგ თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ პოლონეთთანაც ჩვენი ნაკრები მსგავსი თამაშით ეცდება შედეგის მიღწევას. ისიც ნათელია, რომ 13-ში მეტოქე, რომელსაც საკუთარი გულშემატკივრებიც გაამხნევებენ, გაცილებით მოტივირებული იქნება და ცხადაძის შეგირდებსაც უფრო რთული 90 წუთის გადატანა მოუწევთ, თუმცა ბავშვური შეცდომების თავიდან აცილების შემთხვევაში პოლონელებთან შედეგზე ფიქრი ნამდვილად შესაძლებელია და ეს გუშინაც გამოჩნდა.