კოპა ამერიკას პრევიუ – ცხელი ზაფხული ჩილეში
ოთხი წლის წინ კოპა ამერიკას შედეგებმა ყველა გააკვირვა. მაშინ ბრაზილია და არგენტინა მეოთხედფინალში გამოეთიშნენ ასპარეზობას, პარაგვაიმ ფინალში მოუგებლად მიაღწია, ბრინჯაოსთვის კი ერთმანეთის წინააღმდეგ პერუ და ვენესუელა წარსდგნენ.
კონტინენტის მოახლოებულ პირველობაზე სენსაციების ასეთი რაოდენობა ფაქტობრივად გამორიცხულია, მაგრამ საინტერესო ბევრი გველის. პირველ რიგში ინტერესს დუნგას ფორმაციის ნაკრების ხილვა იწვევს. საინტერესოა არგენტინის შესანიშნავი შეტევის ხაზის ხილვა, სუარესის გარეშე მოთამაშე ურუგვაის და კოლუმბიელებისა და ჩილეს ოქროს თაობის თამაში.
ტურნირის თორმეტივე მონაწილე უკვე ჩილეშია. უკანასკნელად ჩლელებმა ამ გათამაშებას 1991 წელს უმასპინძლეს და საპატიო მესამე ადგილიც მოიპოვეს. ჩემპიონობა კი იმ შეჯიბრზე არგენტინელებმა იზეიმეს. განმეორდება თუ არა ისტორია 4 ივლისს გავიგებთ, როდესაც სანტიაგოს ნაციონალურ სტადიონზე სამხრეთ ამერიკის ორი უძლიერესი გუნდი გამოვა. მანამდე კი ტურნირის ყველა მონაწილე გაგაცნობთ.
A ჯგუფი
(ჩილე, ეკვადორი, მექსიკა, ბოლივია)
ტურნირის მასპინძებს კოპა ამერიკა მოგებული არ აქვთ, თუმცა ახლა ჩილელებს საკმაოდ კარგი შანსები აქვთ. ახლანდელი თაობა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. ხორხე სამპაოლის გუნდის ნამდვილი ლიდერები არტურო ვიდალი და ალექსის სანჩესი არიან, რომლებიც მსოფლიო ფეხბურთში ავტორიტეტულ მოთამაშეებათ ითვლებიან და გუნდისთვის შედეგის მოტანა შეუძლიათ. გასული წლის მუნდიალზე ჩილელების შესანიშნავი თამაში და მათ მიერ განადგურებული ესპანეთი ალბათ ყველას გახსოვთ. გუნდის მთავარი პრობლემა მოკლე სათადარიგოთა სკამია. ძირითადის ნებისმიერი მოთამაშის ამოვარდნის შემთხვევაში სამპაოლის გარკვეული პრობლემები შეექმნება.
ეკვადორისთვის კოპა ამერიკას პლეიოფში თამაში ოცნებად იქცა. უკანასკნელად ეკვადორელებმა ჯგუფიდან გასვლა 1997 წელს შეძლეს. ოცნების ასრულება გუსტავო კინტეროსის შეგირდებს დიდი ალბათობით ახლაც გაუჭირდებათ. გუნდის მთავარი ვარსკვლავები, ლუის ანტონიო ვალენსია და ფელიპე კაისედო ტურნირს ტრავმების გამო გამოტოვებენ.
მექსიკის ნაკრები ტურნირზე ლიდერების გარეშე მიემგზავრება. მიგელ ერერამ წამყვანი მოთამაშეების დასვნება გადაწყვიტა, რადგან ივლისში მექსიკელებს კონკაკაფის ოქროს თასი ელით, რაც ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. თუმცა, მექსიკელებისგან კვლავ სწრაფ და დინამიურ თამაშს უნდა ველოდოთ, რასაც ერერას გუნდმა გასული წლის მუნდიალზე მიგვაჩვია. საინტერესო იქნება ხესუს კორონას თამაში, რომელამც “ტვენტეში” შესანიშნავი სეზონის ჩაატარა და ერედივიზიონის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეც იყო. მექსიკელთა დაცვაზე კი ვეტერანი რაფაელ მარკესი იზრუნებს.
ბოლივიელებმა ჯგუფიდან გასვლა ბოლოს 18 წლის წინ შეძლეს და მას შემდეგ ტურნირზე ერთი მატჩიც კი არ მოუგიათ. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სორიმ წარუმატებელი პერიოდის დასრულება სათამაშო ფილოსიფიის შეცვლით გადაწყვიტა და ბოლივიელები შემტევ ფეხბურთზე გადააწყო. ბოლივიელთა შემადგენლობაში უმეტესწილად ადგილობრივი ჩემპიონატის ფეხბურთელები თამაშობენ.
B ჯგუფი
(არგენტინა, ურუგვაი, პარაგვაი, იამაიკა) არგენტინის ნაკრები ტურნირის მთავარი ფავორიტია. ხერარდო მარტინოს გუნდი კოპა ამერიკაზე შესანიშნავი შეტევის ხაზით გამოირჩევა: ლეო მესი, სერხიო აგუერო, კარლოს ტევესი და გონსალო იგუაინი. ასეთი თავდასხმით კოპა ამერიკაზე წარმატება ერთი შეხედვით გარდაუვალია. არგენტინელებს არც სხვა ხაზებში აკლიათ გამოცდილი და მაღალი კლასის მოთამაშეები. მნიშვნელოვანია, რომ მარტინომ ეს შემსრულებლები ტურნირზე ერთ გუნდად შეკრას. არგენიტნელთა შემადგენლობა ზედმეტად ძლიერია იმისთვის, რომ მხოლოდ მესიზე იყოს დამოკიდებული. ჯგუფურ ეტაპზე “ალბისელესტესთან” ბრძოლა რთული იქნება. ამის გაკეთება ტურნირის მოქმედ გამარჯვებულს, ურუგვაის გუნდსაც გაუჭირდება. ოსკარ ტაბარესი ორი უძლიერესი მოთამაშის გარეშე დარჩა. დიეგო ფორლანმა საერთაშორის კარიერა დაასრულა, ლუის სუარესი კი კვლავ დისკვალიფიცირებულია. ურუგვაელების ლიდერი ამ ტურნირზე ედისონ კავანი იქნება. საინტერესო იქნება დიეგო როლანის თამაშის ხილვა, რომელმაც “ბორდოს” შემადგენლობაში 15 გოლის გატანა შეძლო. ცოტა ხნის წინ პარაგვაელები კოპა ამერიკას ფინალში თამაშობდნენ, თუმცა მუნდიალის შესარჩევის შემდეგ ისინი მიწაზე დაეშვნენ. ახლა გუნდს რამონ დიასი წვრთნის. არგენტინელი აქცენტს ახლაგაზრდობისა და გამოცდილების სინთეზზე აკეთებს. მის გუნდში ტურნირის ყველაზე ასაკოვანი მოთამაში, 37 წლის მეკარე ხუსტო ვილიარი თამაშობს. შეტევაში მთავარი მოქმედი პირი 33 წლის როკე სანტა კრუზია, რომელსაც დამხარებას 30 წლის ბარიოსი, კესერის და ორტიგოსა გაუწევენ. ამავდროულად არიან საინტერესო ახალგაზრდა მოთამაშეები. პირველ რიგში ეს მარჯვენა ვინგერი დერლის გონსალესია. იამაიკის ნაკრებს ტურნირზე გერმანელი ვინი შეფერი გაიყვანს, რომელიც გუნდს 2018 წლის მუნდიალისთვის ამზადებს. გუნდის ძირითად ბირთვს ბრიტანეთში მოთამაშე ლეგიონერები წარმოადგენენ – “ლესტერის” კაპიტანი უეს მორგანი და “რედინგის” ტრიო მარიაპის, ჰექტორის და მაკლირის შემადგენლობით. C ჯგუფი (ბრაზილია, კოლუმბია, პერუ, ვენესუელა) ჩილეში დუნგას განახლებული ბრაზილია მიჰყვას. გერმანიასთან განადგურებული გუნდის შემადგენლობიდან კოპაზე მხოლოდ დავიდ ლუისი, დანი ალვესი და ფერნანდინიო ითამაშებენ. სამაგიეროდ ბრაზილიელთა შემადგენლობას გააძლიერებენ ფელიპე კოუტინიო, რობერტო ფირმინიო და ფაბინიო. კვლავ ბევრი რამაა დამოკიდებული ნეიმარზე, რომლისთვისაც გასული სეზონი ძალიან წარმატებული გამოდგა. ბრაზილიის შემადგენლობაში დიეგო ტარდელის ადგილიც მოიძებნა. ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიელთა მთავარი მეტოქე კოლუმბიის ნაკრებია, რომელიც კოპა ამერიკაზე ოპტიმალური შემადგენლობით წარსდგება. ხამეს როდრიგეს, კარლოს ბაკა, ხუან კუადრადო – ეს ფეხბურთელები კოლუმბიელთა მთავარ დამრტყმელ ძალას წარმოადგენენ. კარის უსაფრთხოებაზე კი კვლავ დავიდ ოსპინა იზრუნებს, რომელიც “არსენალის” პირველი ნომერი გახდა. ხოსე პეკერმანის კოზირი კი რადამელ ფალკაო იქნება, რომლისთვისაც კოპა ამერიკა საკლუბო კარიერის დალაგების შანსიც არის. პერუს მწვრთნელ რიკარდო გარეკას შემადგენლობის გაახალგაზრდავებს ურჩევდნენ, თუმცა ტურნირზე მან გამოცდილი კადრების წაყვანა ამჯობინა. ოთხი წლის შემდეგ გარეკამ ნაკრებში კლაუდიო პისარო დააბრუნა, რომელიც უკვე 36 წლის არის. შემადგენლობაში არიან სხვა ვეტერანებიც – ჯეფერსონ ფარფანი, ხუან ვარგასი, ხოსე პაოლო გერერო. შედარებით ახალგაზრდებიან კი კარლოს ამბრანო და ანდრე კარილიო არიან გამოსარჩევები. ნათელია, რომ პერუელები ჯგუფიდან გასვლას მხოლოდ სასწაულის დახმარებით თუ შეძლებენ. ისევე როგორც ვენესუელის ნაკრები, რომელიც მართალია ბოლო წლებში პროგრესირებს, მაგრამ ჯგუფში არსებული კონკურენციის გათვალისწინებით წარმატების შანსი მინიმალურია. გასათვალისწინებელი ისიც არის, რომ ვენესუელელთა პროგრესი სესარ ფარიასს უკავშირდებოდა, როელიც გუნდთან ერთად აღარ მუშაობს. ახალი მწვრთნელი კი ნოელ სანვისენტეა, რომელიც გუნდში რევოლუციური იდეებით არ მოსულა და შემადგენლობის მხრივაც ფაქტობრივად არაფერი შეუცვლია. ვენესუელას თამაში 35 წლის ხუან არანგოაზეა დამოკიდებული. მისი გადაცემების გოლებად ქცევას კი სოლომონ რონდონი და ჯოზევ მარტინესი ეცდებიან.