ხორვატები ბოდიშს იხდიან: “ეს მთელი ხორვატიის სირცხვილია”
როგორც გაცნობეთ, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატიისა და იტალიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (1:1) მიმდინარეობისას “პოლიუდის” მოედანზე ნაცისტური სიმბოლო სვასტიკა გამოჩნდა.
მომხდარის გამო ხორვატები ბოდიშს იხდიან.
ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ტომისლავ პასაკმა განაცხადა, რომ ეს მთელი ხორვატიის სირცხვილია.
“ეს საბოტაჟი და დანაშაულია. ჩვენ სამართალდამცველებისგან ფაქტის გამოძიებას ვითხოვთ. ეს არამხოლოდ ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის, არამედ მთელი ხორვატიის სირცხვილია.
როგორც გავიგეთ, ეს სიმბოლო მატჩამდე 24-48 საათით ადრე დახაზეს და მატჩის მიმდინარეობისას უნდა გამოჩენილიყო. ბოდიშს ვუხდით ფანებს, რომლებიც შეხვედრას ტელევიზიის საშუალებით ადევნებდნენ თვალყურს, ბოდიშს ვუხდით ორივე გუნდსა და ჩვენს იტალიელ სტუმრებს”, – განაცხადა ტომისლავ პასაკმა.
სვასტიკა შესვენების დროს შეამჩნიეს.
ფაქტს ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დავორ შუკერიც გამოეხმაურა.
“ეს ჩვენი ერთ-ერთი პრობლემაა და ამის აღმოფხვრაზე ვმუშაობთ. ამ საკითხზე შაბათს ვიმსჯელებთ, ძალიან გაბრაზებული ვარ”, – ციტირებს შუკერის სიტყვებს BBC.
შეგახსენებთ, რომ ხორვატიისა და იტალიის ეროვნულ გუნდთა შორის გამართული მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდა, რადგან ხორვატებს ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ქომაგების მხრიდან გამოვლენილი რასისტული ქცევის გამო დისკვალიფიკაცია ჰქონდათ.